პროკურატურის განცხადებით, კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალშაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი ცნობები მოიპოვეს და შეეცადნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას“, – ამბობს უწყება.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა აღნიშნული ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დროულად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების გამო.
