აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვება.

კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მხრიდან ეს დროებითი შემაკავებელი ორდერია და 14 დღის განმავლობაში იმოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს წარმომადგენლებს თეთრ სახლში დაშვება უნდა აღუდგინონ 14 დღის განმავლობაში. მოსამართლემ დაადგინა, რომ მედიასაშუალებებს აქვთ საფუძველი იდავონ, რომ მათთვის საშვების ჩამორთმევისას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები დაირღვა.

ამ სამ გამოცემას თეთრ სახლში მუშაობა პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ კვირას აუკრძალა.

სამივე მედიასაშუალებამ სამართლებრივი დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტებს თეთრი სახლის საშვები ჩამოართვეს და შენობაში შესვლის უფლება აღარ მისცეს.

ტრამპის ადმინისტრაცია სასამართლოში ამ გადაწყვეტილებას იმით ასაბუთებდა, რომ გამოცემები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ და ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. ეს არგუმენტები სასამართლომ არ გაიზიარა.

თეთრ სახლს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. პრეზიდენტის სახელით მოქმედმა იურისტებმა შესაძლოა სამართლებრივი დავის გაგრძელებისთვის დამატებით მიმართონ სასამართლოს.

49-მა მედიაორგანიზაციამ, მათ შორის, CBS News-მა, The New York Times-მა და Fox News-მა, სასამართლოში ერთობლივი წერილობითი პოზიცია წარადგინეს CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს სარჩელის მხარდასაჭერად.

ტრამპის ადმინისტრაციას არაერთი მედიაორგანიზაცია გაუკრიტიკებია და არაერთი სამართლებრივი დავა წამოუწყია. მათ შორის იყვნენ ისეთი გამოცემებიც, როგორიცაა: The New York Times, The Wall Street Journal და BBC.

ზოგიერთ შემთხვევაში საქმეები მედიაორგანიზაციების მიერ მილიონობით დოლარის ოდენობის თანხის გადახდაზე შეთანხმებით დასრულდა. ტრამპის სარჩელი BBC-ის წინააღმდეგ კვლავ განიხილება.