რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად აფხაზეთის მოქალაქეებისგან დოკუმენტების მიღების ტემპის თითქმის ხუთჯერ გაზრდა ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება – ამის შესახებ რუსეთის ელჩმა აფხაზეთში ვიაჩესლავ გლადკოვმა Telegram-არხზე დაწერა.

მისი ინფორმაციით, მაის-ივნისში საკონსულო თვეში დაახლოებით 120 განაცხადს ამუშავებდა, ხოლო დოკუმენტების ჩასაბარებლად რიგში 3 ათასამდე ადამიანი იყო. აფხაზები რუსეთის საელჩოს მიმართავდნენ და პროცესის ნელ მიმდინარეობაზე ჩიოდნენ.

გლადკოვის თქმით, საკონსულოს თანამშრომლების დასახმარებლად პროცესების ოპტიმიზაციის სპეციალისტები მიიწვიეს.

განაცხადების შევსებაში მოქალაქეებს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოხალისეებიც ეხმარებიან.

რუსეთის ელჩის განცხადებით, სექტემბრის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი გახდა თვეში 400-მდე განაცხადის დამუშავება, ხოლო ოქტომბრის შედეგებით ეს მაჩვენებელი 600-მდე უნდა გაიზარდოს.

ამასთან, იგეგმება საინფორმაციო სტენდების დამზადება და რაიონებში განთავსება, რომლებზეც მოქალაქეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია იქნება. გლადკოვის თქმით, ამის შედეგად მოქალაქეებს საჭირო დოკუმენტების სიის მისაღებად მხოლოდ ამ მიზნით სოხუმში ჩასვლა აღარ მოუწევთ.