უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალის პორტზე დარტყმას.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენმა მებრძოლებმა დარტყმა მიაყენეს რუსეთის ინფრასტრუქტურის რვა ობიექტს, რომლებიც ომს უჭერს მხარს. დაზიანდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იამალ-ნენენცის რეგიონში და საზღვაო პორტი დაღესტანში. დარტყმები განხორციელდა მოსკოვის, ვორონეჟის, ასტრახანისა და ბრიანსკის რეგიონებში მდებარე ობიექტებზეც“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
მანამდე დაღესტნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა პორტი და ავართა სახელმწიფო მუსიკალურ-დრამატული თეატრის შენობა. რეგიონის ხელმძღვანელის თქმით, დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მისივე ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა.
