საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, გიორგი ნემსაძეს, რომელიც 54 წლის ასაკში გარდაიცვალა, შოტლანდიაშიც ემშვიდობებიან. საქმე ისაა, რომ ნემსაძემ საკლუბო კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი სწორედ შოტლანდიაში, კერძოდ, „დანდიში“ (და არა „დანდი იუნაიტედში“) გაატარა.
მას შემდეგ, რაც ნემსაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციამ შოტლანდიამდეც მიაღწია, ადგილობრივმა სპორტულმა მედიამ და „დანდის“ გულშემატკივართა ვებგვერდებმა არაერთი გამოსამშვიდობებელი სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც იხსენებენ ნემსაძის თამაშს და მის პიროვნულ თვისებებზე ამახვილებენ ყურადღებას.
scotsman.com-მა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სახელწოდებით: „ვიხსენებთ „კავკასიელ მარადონას“ და თუ რატომ ასახელებდა კლაუდიო კანიჯა გიორგი ნემსაძეს ელიტარულ ფეხბურთელებს შორის“.
ალან პატულო, გამოცემის მთავარი საფეხბურთო მიმომხილველი, წერს: „დიდი ტკივილით ვიგებთ 54 წლის ასაკში გიორგი ნემსაძის გარდაცვალების შესახებ. საქართველოდან გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილ ნახევარმცველს, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 69 მატჩი ჩაატარა, გულის შეტევა დაემართა. არ არის აუცილებელი 40 წელს გადაცილებული იყოთ, რომ ამ მორიგმა ტრაგიკულმა და გამომაფხიზლებელმა ამბავმა თქვენზე იმოქმედოს.
„დანდის“ ყველა თაობის გულშემატკივარი ოთხშაბათს დაფიქრდა, როდესაც პირველი ცნობები გავრცელდა. მათაც კი, ვისაც ნიჭიერი ნახევარმცველის თამაში არ უნახავს, უფროსებისგან ექნებათ მოსმენილი ამბები იმ ნიჭიერ გუნდზე. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ექვსეულში მოხვედრასა და შოტლანდიის თასის ფინალში გასვლაზე მეტი ხელშესახები მიღწევა არ ჰქონიათ, ისინი გულშემატკივარს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდნენ. მაშინ, როცა კლაუდიო კანიჯასა და კაბალიეროს მსგავსი ფეხბურთელები მიდიოდნენ და მოდიოდნენ (ამ უკანასკნელის შემთხვევაში, უკანაც ბრუნდებოდნენ), ნემსაძე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეტ-ნაკლებად მოვლენების ეპიცენტრში იყო.
კაბალიეროს მსგავსად, მანაც მიიღო მუხლის სერიოზული ტრავმა (2001-2002 წლების სეზონში), მაგრამ დაბრუნდა და მომდევნო კამპანიაში „დანდი“ 1964 წლის შემდეგ პირველად გაიყვანა შოტლანდიის თასის ფინალში. ის რჩება „დანდის“ ბოლო მოთამაშედ, რომელმაც „ჰემპდენზე“ გამარჯვებულ გუნდში გოლი გაიტანა — მაშინ ნახევარფინალში „ინვერნეს კალედონიან ტისლთან“ მატჩის ერთადერთი გოლი შეაგდო.
ყველას, ვისაც მისი თამაში უნახავს, თუნდაც მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრებს, საკუთარი მოგონებები ექნებათ მის ექსტრავაგანტულ ნიჭზე“, — ნათქვამია სტატიაში.
ალან პატულო აღნიშნავს, თუ რამდენმა სამძიმრის წერილმა წალეკა სოციალური ქსელები სხვა კლუბების (და არამხოლოდ „დანდის“) გულშემატკივრებისგან — იმ ადამიანებისგან, ვინც აფასებდა ნემსაძეს და ვისი თამაშის ხილვაც თითქმის ყოველთვის ღირდა ბილეთში გადახდილ თანხად.
„დიად გეორგე ჰაჯის „კარპატების მარადონა“ შეარქვეს. ეს მეტსახელი, თუმცა გეოგრაფიულად არაზუსტია, ისევე იდეალურად მოერგებოდა ნემსაძესაც. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის კავკასიის რეგიონის მარადონა იყო. შავი ზღვის ფართო სივრცე ჰყოფს რუმინეთს საქართველოსგან, მაგრამ ნემსაძე ჰაჯისთან ძალიან ახლოს იდგა. ის იზიარებდა მის უნარს, გაეკეთებინა მოულოდნელი რამ. ზოგჯერ ეს შეუძლებელიც კი ჩანდა.
უყურეთ კადრებს, სადაც ნემსაძე ხუან სარას ჰეთ-თრიქის მეორე გოლს ამზადებს „დანდი იუნაიტედის“ წინააღმდეგ „დენს პარკზე“ 2000 წლის სექტემბერში. აქეთ-იქით მანევრირებით, ის „იუნაიტედის“ მინიმუმ სამ მცველს ტოვებს თამაშგარე მდგომარეობაში, სანამ ბურთს საჯარიმოში ჩააწოდებს მყვინთავი სარასთვის, რომელმაც თავით გაიტანა. შემდეგ არის ბევრჯერ ნაქები ბურთის გადაგდება მეკარე ალან კომბის თავზე, როდესაც გუნდები შემდეგ ჯერზე შეხვდნენ ერთმანეთს.
არგენტინის ლეგენდამ, კანიჯამ, ერთხელ მითხრა, რომ ნემსაძე ისეთივე მაგარი იყო, როგორც ნებისმიერი მისი თანაგუნდელი, რომელთანაც მთელი თავისი გამორჩეული კარიერის განმავლობაში უთამაშია — მარადონას გარდა, რა თქმა უნდა.
სწორედ ნემსაძემ გაუკეთა პასი კანიჯას, როდესაც თავდამსხმელმა შოტლანდიურ ფეხბურთში თავისი პირველი გოლი გაიტანა („აბერდინის“ წინააღმდეგ შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ). კანიჯაზე ფოკუსირების გამო ამ გოლში მისი როლი ხშირად ავიწყდებათ, მაგრამ მან ბურთი თანაგუნდელს მშვენივრად მიაწოდა. ამ წყვილმა თამაში ერთად დაიწყო სათადარიგოთა სკამიდან; ეს იყო პირველი და ალბათ ბოლო შემთხვევა, როცა „დანდის“ სათადარიგოებში 100-ზე მეტი სანაკრებო მატჩის მქონე ფეხბურთელები ჰყავდა განაწილებული“, — ვკითხულობთ scotsman.com-ის სტატიაში.
სტატიის ავტორის თქმით, ნემსაძის გუნდიდან წასვლა მტკივნეული იყო. ეს მოხდა მაშინ, როდესაც „დანდი“ ფინანსურმა ქაოსმა მოიცვა და კაბალიეროსა და ფაბრიციო რავანელის მსგავსად, მასაც კარისკენ მიუთითეს.
„მაგრამ ის აგრძელებდა „დანდის“ მხარდაჭერას შორიდან. დადიოდა ჯიუტი ჭორებიც კი იმის შესახებ, რომ მისი პროფესიონალი ფეხბურთელი ვაჟი კლუბთან ოჯახურ კავშირს გააგრძელებდა და კონტრაქტს გააფორმებდა.
არის უკეთ დადასტურებული ისტორიაც: ნანახი მაქვს სურათები, სადაც შოტლანდიელი სპორტული ჟურნალისტების ჯგუფი ქეიფობს ნემსაძესა და მის მეგობრებთან ერთად, 2007 წელს თბილისში, ევრო 2008-ის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი მატჩის წინ (შოტლანდიასა და საქართველოს შორის).
კენი მაკდონალდი, იმ დროს News of the World-ის მთავარი საფეხბურთო მიმომხილველი, ჩამოსვლამდე დაუკავშირდა ნემსაძეს და კარიერადასრულებულმა ფეხბურთელმა რამდენიმე რეპორტიორი მატჩის წინა დღეს მიიპატიჟა. „მან გაგვიკეთა ტური და ღამით დიდი წვეულება მოგვიწყო“, — იხსენებს მაკდონალდი. „მთელი ამ დროის განმავლობაში ფული არაფერში გადაგვიხდია“.
ამ ყველაფრის ნაწილი იყო ღვინის სმა რქის ფორმის ჭურჭლიდან, რომელსაც ყანწი ჰქვია და რომელიც, თავისი ფორმის გამო, მაგიდაზე ვერ დაიდება. ამის ნაცვლად, ის სტუმრებს შორის ხელიდან ხელში გადადის, რაც მუდმივად თბილი ქართული სტუმართმოყვარეობის სიმბოლოა. თუ ნემსაძე ყანწთანაც ისეთივე მოხერხებული იყო, როგორც ფეხბურთის ბურთთან, გასაკვირია, ვინმემ საერთოდ როგორ მოახერხა მისთვის ყანწის ჩამორთმევა“, — წერს ავტორი.
ნემსაძეს ემშვიდობება კიდევ ერთი გამოცემის, Courier-ის ავტორი ჯორჯ კრანი. მის სტატიას ასე ჰქვია: „გიორგი ნემსაძე: „დანდის“ ლეგენდა „სუპერვარსკვლავის აურით“, რომელიც ქალაქის დატოვებამ გულდაწყვეტილი დატოვა“.
„ამ კვირაში საფეხბურთო კლუბი „დანდი“ და სრულიად ქართული საფეხბურთო სამყარო დაემშვიდობა თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს… „დენს პარკზე“ მგლოვიარე 24 საათი იყო მას შემდეგ, რაც მისი სამშობლოდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. როდესაც შოკმა გაიარა, სწრაფად ამოტივტივდა ისტორიები მის წარმოუდგენელ ოსტატობაზე მოედანზე, თუმცა ის სიყვარულიც არანაკლებ ძლიერი იყო, რასაც ნემსაძის მიმართ მისი ნაცნობები გამოხატავდნენ.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი „დენს პარკზე“ უცხოური რევოლუციის შუაგულში მივიდა. მან დამანგრეველი ეფექტის მქონე დუეტები შექმნა ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიც იყვნენ ფაბიან კაბალიერო და კლაუდიო კანიჯა.
მისი ლეგენდა კლუბიდან წასვლის შემდეგაც დიდხანს ცოცხლობდა; „დანდის“ იმ გულშემატკივრებმაც კი, რომლებიც საკმარისად ასაკოვნები არ არიან იმისთვის, რომ მისი თამაში ენახათ, კარგად იციან, თუ რამხელა პატივს სცემდნენ ნემსაძეს. „დანდის“ ყოფილმა თანაგუნდელებმა მას მალევე მიაგეს პატივი“, — წერს ავტორი.
ერთ-ერთი მათგანი იყო ლი უილკი, რომელმაiz ნემსაძესთან ერთად 48-ჯერ ითამაშა და ძველი მეგობარი თბილად გაიხსენა: „საშინელი ამბავია, რადგან აშკარად ძალიან ახალგაზრდა იყო, 54 წლის“, — თქვა უილკიმ Courier Sport-ის პოდკასტში. „ის შესანიშნავი ბიჭი და კიდევ უფრო უკეთესი ფეხბურთელი იყო. დარწმუნებული ვარ, „დანდის“ ასობით გულშემატკივარი მას თავის ერთ-ერთ უსაყვარლეს მოთამაშედ მიიჩნევს.
მან კლუბს ძალიან ბევრი რამ შესძინა როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ტექნიკურად ის ბრწყინვალე იყო. ვიცი, რომ მარადონა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და გიორგისაც მსგავსი სტილი ჰქონდა, სადაც ბურთი თითქოს ეწებებოდა. როცა მარადონას პატარა კლიპებს უყურებ, როგორ აკენწლის ბურთს მკერდზე და ა.შ., ჩემთვის ნემსაძეც ზუსტად ასეთი იყო“.
მიუხედავად იმისა, რომ უილკი და ნემსაძე სიამოვნებით თამაშობდნენ ერთად ქართველის კლუბში ყოფნის სამი წლის განმავლობაში, ტანმაღალი მცველი აღიარებს, რომ თავიდან მათი ურთიერთობა კარგად არ დაწყებულა. ახალგაზრდა უილკისთვის, როცა ის „დანდიში“ გამოჩნდა, წითელი ბარათი უცხო არ იყო და ვარდნების მიმართ მისმა ენთუზიაზმმა — და ენობრივი ბარიერის გადალახვის მცდელობამ — ყველაფერი ცუდად დააწყებინა: „ვფიქრობ, ვარჯიშზე მართლაც ცუდ პოზიციაში აღმოვჩნდი, რადგან ალბათ ცოტა ზედმეტად აგრესიული ვიყავი! მახსოვს, როგორ წამეკამათა. იტალიაში პირველი სავარჯიშო სესია იყო და მე უბრალოდ ჩვეულებრივად, დაუფიქრებლად ვიქცეოდი. ცოტა აგრესიული ვიყავი და მან ცუდად შემომხედა.
მაგრამ მანამდე, ერთი რამ, რაც თავში ჩამებეჭდა, კლუბში მისი პირველი დღე იყო. კლუბის მდივანი, ლორა ჰეისი, ცოტა პანიკაში შემოვიდა და იკითხა, ვინმემ თუ იცოდა გერმანული, რადგან ის რაღაცის ორგანიზებას ცდილობდა. ინგლისურად ბევრი არაფერი იცოდა და ვთქვი, რომ სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი. გამიყვანეს და მან სწრაფად დამიწყო გერმანულად საუბარი, მე კი ჩემი სასკოლო დონის გერმანულით ვცდილობდი პასუხის გაცემას. ის უბრალოდ მიყურებდა და ფიქრობდა — ‘ვინ არის ეს იდიოტი?!’ შესანიშნავი ბიჭი იყო. როგორც ფაბიანი და ბევრი სხვა მოთამაშე, ისიც გამოვიდოდა ხოლმე ღამით ბიჭებთან ერთად გასართობად, ერთვებოდა ყველაფერში და ა.შ. საერთო ჯამში, ყოველმხრივ კარგი ბიჭი იყო“.
მათთვის, ვინც „დენს პარკის“ შიდა სამზარეულოს იცნობდა, ნემსაძის ბუნება „დანდიში“ ნათელი იყო. მაგრამ იგივე ეხებოდა მათაც, ვინც გარედან აკვირდებოდა. Tele Sport-ის ყოფილი საფეხბურთო მიმომხილველი, ტომ დუთი, აშუქებდა „მუქი ლურჯების“ თამაშს კლუბში ნემსაძის ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მისი მეგობრული ბუნება და ქალაქ დანდის მიმართ სიყვარული ნათელი იყო ყველასთვის, ვინც ქართველს ესაუბრებოდა. „საყვარელი, ძალიან საყვარელი ბიჭი იყო. ძალიან სახალისო. მართლაც კარგი ადამიანი“, — იხსენებს დუთი Courier Sport-თან. „ყოველთვის უყვარდა სიცილი.
ის გუნდის მართლაც ძალიან პოპულარული წევრი იყო. ძალიან სამწუხაროა. მას ძალიან უყვარდა „დანდიში“ ყოფნა, მაგრამ შემდეგ, 2003 წელს, ადმინისტრაციული კრიზისის გამო კომპენსაცია გადაუხადეს და გაუშვეს. როცა ეს მოხდა, მითხრა: ეს მე არ მეხება. ფულზე ან მსგავს რამეებზე ფიქრი არ მჭირდება. მაგრამ ეს არის ადგილი, სადაც მე მინდა ყოფნა და სადაც ჩემს ოჯახს სურს ყოფნა. ის მართლაც გულდაწყვეტილი იყო იმის გამო, რომ წასვლა უწევდა. მართლაც ასე იყო, რადგან მასაც და მის შვილებსაც ძალიან უყვარდათ დანდი. მის მეუღლესაც მოსწონდა და იქ თავს მართლაც კარგად გრძნობდნენ. ის ძალიან, ძალიან დამწუხრებული იყო, როცა წასვლა მოუწია“.
სტატიის თანახმად, მაღალი კლასის ნახევარმცველი არ იყო ერთადერთი, ვისაც გული დასწყდა იმ ამბით, რომ ნემსაძის დრო „დანდის“ მაისურით დასრულდა კლუბის ადმინისტრაციულ პროცესებში ჩაფლობის გამო. თუმცა, გულშემატკივრებმა მოგვიანებით იხილეს ქართველის დაბრუნება, როდესაც 2015 წელს ჯულიან სპერონის საპატივცემულო მატჩში მიიღო მონაწილეობა. იმ ღამით „სელჰერსტ პარკზე“ კვლავ გამოჩნდა მისი ბუნებრივი ნიჭის ნაპერწკლები — ნიჭის, რომელიც 2000 წელს მისი ჩამოსვლისთანავე გახდა თვალშისაცემი. „დანდიში ყველამ მაშინვე შეიყვარა იგი“, — იხსენებს დუთი. „ის იყო კრეატიული ნახევარმცველი, მაგრამ იმაზე ერთი თავით მაღლა იდგა, რასაც ჩვენ ვიყავით შეჩვეული. ის უბრალოდ ძალიან, ძალიან მაგარი იყო.
გიორგის კიდევ ერთი რამ ახასიათებდა. ვარჯიშზე ხალხი უყვიროდა ხოლმე ბურთის დაკარგვის გამო. მაგრამ ის ამბობდა: ‘მე ფლეიმეიქერი ვარ, ჩემს პოზიციაზე სწორედ მე უნდა ვკარგავდე ბურთს ყველაზე მეტად, რადგან უნდა სცადო ისეთი რამეების გაკეთება, რასაც გოლამდე მივყავართ’. ის ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. გიორგის სძულდა თავდაცვა. სინამდვილეში, სირბილიც სძულდა!
ნახევარდაცვა ძალიან მაგრად მუშაობდა, რადგან ბარი სმითი საყრდენი იყო. დაფი ჩვეულებრივ 4-3-3 სქემით თამაშობდა. ბარი ამაგრებდა ნახევარდაცვას და ფარავდა დაცვითი სამუშაოს დიდ ნაწილს. შემდეგ ჰყავდათ გევინ რეი, რომელიც ასევე დიდ დაცვით სამუშაოს ასრულებდა. გევინს გუნდი წინ მიჰყავდა და შემდეგ ბურთს გიორგის აძლევდნენ, ის კი რაღაცებს ქმნიდა. ის უმაღლესი ხარისხის იყო. მოედნის ბოლო მესამედში ის ყოველთვის იღებდა ბურთს. გიორგი ძალიან მაგრად თამაშობდა კაბალიეროსთან ერთად, როცა ის ფორმაში იყო, და იმ მოკლე პერიოდშიც, როცა კანიჯა იყო იქ. მან იცოდა, როგორ გაიქცეოდნენ ისინი და სად მოინდომებდნენ ბურთის მიღებას. ის სრულყოფილი იყო. როგორი მაგარი მოთამაშეც იყო, ისეთივე ძალიან მეგობრული ადამიანი გახლდათ“.
სტატიის მიხედვით, ნემსაძემ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კლუბში ზურაბ ხიზანიშვილის მოყვანაში, რომელიც შემდგომში „რეინჯერსსა“ და ინგლისის პრემიერლიგის „ბლექბერნ როვერსში“ თამაშობდა. ხიზანიშვილი საქართველოს ნაკრების კაპიტნის ოჯახის მეგობარი იყო და სწორედ ამ კავშირის წყალობით აღმოჩნდა ნიჭიერი ახალგაზრდა „დენს პარკზე“.
„გიორგი გასახდელში უდიდესი ფიგურა იყო. მას ინგლისური არასდროს უსწავლია სრულყოფილად“, — თქვა ტომმა. „რამდენიმე წლის შემდეგ დავურეკე და ყველაფერი დავიწყებული ჰქონდა. ეს კოშმარი იყო. მითხრა: ‘როგორ ხარ? მე ინგლისური დამავიწყდა’. მაგრამ ამავდროულად, უცნაური პერსონაჟიც იყო.
რაც ყველაზე მეტად მახსოვს მის შესახებ, ზამთარში იტალიაში წასვლაა. ცოტა ქაოსური ვითარება იყო და საწვრთნელ ბაზასთან ახლოს ყველაფერი დაკეტილი დაგვხვდა. ძალიან მოსაწყენი იყო და იქ 11 დღე დავრჩით. ერთ ღამეს მე და ივანო სასტუმროს ფოიეში ვისხედით. ეს იყო მეოთხე ან მეხუთე ღამე, როცა გიორგი მოვიდა და ჰკითხა ივანოს: ‘ბოს, რამხელაა ჯარიმა კომენდანტის საათის დარღვევისთვის?’ ივანომ უპასუხა და გიორგი გაუჩინარდა. ცოტა ხანში დაბრუნდა — გიორგი ჯინსებსა და ქურთუკში იყო გამოწყობილი. პირდაპირ ივანოსთან მივიდა და ფული გადასცა. ეუბნება: ‘აი ჯარიმა. მე ახლა გავდივარ’. და ის უბრალოდ გავიდა. ივანო გაოგნებული იყო, რა უნდა ექნა? გიორგი ასეთი იყო. ის მაგარი იყო. კანიჯაზე ოდნავ ნაკლებად, მაგრამ მას მაინც ჰქონდა რაღაცნაირი სუპერვარსკვლავის აურა“.
