ცხოველთა დამცველი თამაზ ელიზბარაშვილის სახლში შსს-მ ჩხრეკა ჩაატარა, რა დროსაც ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

უწყებაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ელიზბარაშვილის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ერთი იარაღია [ამოღებული], რომელიც კანონიერად აქვს გაფორმებული თამაზ ელიზბარაშვილს, თავის ვაზნებით. ერთი იარაღი თავის ვაზნებით ამოიღეს. […] [იარაღს] არ ატარებდა, სახლში ედო, საუკუნეა ხელი არ მოუკიდია“, – ამბობს თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი მედიასთან.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჩხრეკის დროს კამათი სამართალდამცავებსა და ოჯახის წევრებს, ასევე ადვოკატს შორის დაიწყო ჩხრეკის პროცესის LIVE რეჟიმში გადაღების გამო.

მოგვიანებით მედიასთან ადვოკატმა ია სირანაშვილმა განაცხადა, რომ მასზე სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს და წიხლები ჩაარტყეს.

„ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მას ორი მუხლის საფუძველზე ჩხრეკენ –  მუქარის (სისხლის სამართლის 151-ე მუხლი) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების (სისხლის სამართლის 236-ე მუხლი).

თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციამ დღეს, პირველ სექტემბერს, იმ დროს გააჩერა, როცა ოჯახთან ერთად გადაადგილდებოდა.

თავად თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მას „იმედის“ თანამშრომლებმა უჩივლეს, რომლებთანაც სიტყვიერი დაპირისპირება 30 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში მოუვიდა.

ელიზბარაშვილის თქმით, მას „იმედის“ თანამშრომლები აქეთ დაესხნენ თავს და დაემუქრნენ პოლიტიკური პოზიციების გამო.