აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირილიუკს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება 2003 წელს დაბადებული კირილიუკის წინასწარი პატიმრობის შესახებ მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. თავად ბრალდებული სხდომას არ დასწრებია, ის კლინიკა ვივამედში იმყოფება. კლინიკიდან წარმოდგენილი ცნობის შესაბამისად, „პაციენტი ამ ეტაპზე გადის მკურნალობას და არ შეუძლია მონაწილეობის მიღება სასამართლო პროცესზე“.

პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ყურადღება გაამახვილა, რომ მიუხედავად იმისა, კირიულიუკი ჩვენებაში ამბობს, რომ შეშინდა, მას, სავარაუდოდ, სწორედ გარკვეული პასუხისმგებლობის შეეშინდა და ამიტომ არავის უთხრა დაურ ბუავას მდგომარეობის შესახებ, რომელიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ბუავას ბინის დატოვებისას მას ჰქონდა კომუნიკაცია კორპუსის მაცხოვრებლებთან, თავის მეგობართან, ტაქსის მძღოლთან და 2 დღე გავიდა, სანამ დაურ ბუავას გარდაცვლილს იპოვიდნენ. პროკურორის თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით უფრო მაღალია რისკი, რომ კირილიუკმა თავის გადარჩენის მიზნით მოიმოქმედოს ისეთი რამ, რაც ხელს შეუშლის მართლმსაჯულების აღსრულებას.

ადვოკატი ხათუნა ჩხეიძე ამბობს, რომ ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას. ის კირილიუკის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა პროცესზე. მისი თქმით, კირილიუკი ამბობს, რომ საქართველოში დაელოდება მართლმსაჯულებას, განაგრძობს ბინის დაქირავებას და ქვეყნის მიტოვებას არ აპირებს. ადვოკატი ამბობს, რომ გამოსაკვლევია, რისი შეეშინდა, რა მდგომარეობაში იყო მისი დაცვის ქვეშ მყოფი, როდესაც დაურ ბუავას სახლს ტოვებდა და გასათვალისწინებელია, რომ მას ნაკლებად მძიმე დანაშაულში ედება ბრალი.

წინასასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს 12 საათზე ჩაინიშნა.

შსს0ს მიერ გავრცელებული განცხადების შესაბამისად, დაურ ბუავასთან ქ. თბილისში, დიდ დიღომში, კრისტიან სტივენის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, სადაც ის მარტო ცხოვრობდა. მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, 01:04 საათზე სტუმრად მივიდა მისი ნაცნობი, უკრაინის მოქალაქე ვ.კ. რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, რაც მან და დაურ ბუავამ ერთად მოიხმარეს. ასევე, ბრალდებულის ჩვენებით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ, დაურ ბუავა ამბობდა, რომ მისთვის არ იყო საკმარისი მიღებული ნარკოტიკული საშუალება და კიდევ უნდოდა მოხმარება. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად, დაახლოებით 03:00 საათისთვის თავად ბრალდებული ვ.კ. შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბრალდებული განმარტავს, რომ იგი გონს მხოლოდ 25 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე მოვიდა და ნახა, რომ დაურ ბუავა მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ მისივე განმარტებით, გონზე არ იყო. ბრალდებულის ჩვენებითვე, იმ დროს თავად ჯერ კიდევ შეუძლოდ იყო, შეეშინდა და წავიდა სახლიდან ისე, რომ დაურ ბუავა დატოვა უგონო მდგომარეობაში და ამის შესახებ არავის შეატყობინა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს ევალებოდა დაზარალებულზე ზრუნვა და შეეძლო მისი გადარჩენა, მან დახმარების გარეშე მიატოვა დაურ ბუავა, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა თავის გადასარჩენად ზომები მიეღო.

გარდა ამისა, დაურ ბუავას საქმის ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მათ საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდათ ნარკოტიკული საშუალებები.

„მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი სწორედ ის პირია, რომელმაც ნარკოტიკული საშუალება გადასცა ბრალდებულ ვ.კ.-ს, რაც ვ.კ.-მ მოგვიანებით დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა.


32 წლის ბლოგერი აფხაზეთიდან, დაურ ბუავა 28 აგვისტოს თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბუავა შენობაში ბოლოს 23 აგვისტოს შევიდა.

2022 წელს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბუავას ბრალი წაუყენა. მაშინ ბუავას საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკეს. ის 2021 წელს ტყვარჩელიდან ჩამოვიდა თბილისში და უკან აღარ დაბრუნდა.

ბუავა 2021 წლიდან „ტიკტოკზე“ აქვეყნებდა ვიდეოებს ქართველებისა და აფხაზეთის მეგობრობაზე, ერთად თანაცხოვრების პერსპექტივაზე და ა.შ.

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური წერდა, რომ ბუავას ვიდეოები აზიანებდა „აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას და მიმართულია მტრული სახელმწიფოს დახმარებისკენ აფხაზეთის წინააღმდეგ“.