შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

„ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება – ,,მარიხუანა” და ,,მეთადონი”.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით, მათ შორის გამოკითხვებით დასტურდება, რომ ორივე დაკავებულს დაურ ბუავასთან და მის მეგობარ ქალთან, რომელიც პოლიციამ გუშინ დააკავა, ნაცნობობა აკავშირებდა.

გამოძიების ფარგლებში, ასევე დგინდება, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა მეგობარ ქალს ნარკოტიკული საშუალება უსასყიდლოდ გადასცა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მან დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა, შემდეგ კი იგი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში დატოვა ისე, რომ დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს“, – აცხადებს შსს.

შსს-ს განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თანახმად, აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა ნარკოტიკის მოხმარების შედეგად გარდაიცვალა. ბუავას განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე 29 აგვისტოს დააკავეს.

აწგარდაცვლილი დაურ ბუავას ინტერესებს ეკა ბესელიას საადვოკატო ოფისის იურისტები, ნათია მეზვრიშვილი და მარიამ თოდუა იცავენ. ისინი გამოძიების ვერსიას არ ეთანხმებიან და ალტერნატიული ექსპერტიზა დანიშნეს.


32 წლის ბლოგერი აფხაზეთიდან, დაურ ბუავა 28 აგვისტოს თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბუავა შენობაში ბოლოს 23 აგვისტოს შევიდა.

2022 წელს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბუავას ბრალი წაუყენა. მაშინ ბუავას საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკეს. ის 2021 წელს ტყვარჩელიდან ჩამოვიდა თბილისში და უკან აღარ დაბრუნდა.

ბუავა 2021 წლიდან „ტიკტოკზე“ აქვეყნებდა ვიდეოებს ქართველებისა და აფხაზეთის მეგობრობაზე, ერთად თანაცხოვრების პერსპექტივაზე და ა.შ.

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური წერდა, რომ ბუავას ვიდეოები აზიანებდა „აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას და მიმართულია მტრული სახელმწიფოს დახმარებისკენ აფხაზეთის წინააღმდეგ“.