პროკურატურის განცხადებით, აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ 2 პირს ბრალდება წარუდგინეს.

უწყება აცხადებს, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ამ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირილიუკს სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს გ.გ.-მ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ვ.კ.-ს გადასცა ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე), რისი ნაწილიც, ბრალდებულ ვ.კ.-ს ჩვენების თანახმად, 23 აგვისტოს მან და დაურ ბუავამ მოიხმარეს, ხოლო ნაწილი დაურ ბუავას საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შედეგად იქნა ამოღებული.

ასევე, გ.გ.-მ უკანონოდ შეიძინა და თავისივე საცხოვრებელ სახლში ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 6,27 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (ფუძე), რაც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 9 პაკეტად დააფასოვა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.

ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს“, – წერია განცხადებაში.

დაკავებულ გ. გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე სეკუნდა მუხლის მეშვიდე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა) წარედგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ს. ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა.


32 წლის ბლოგერი აფხაზეთიდან, დაურ ბუავა 28 აგვისტოს თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. ბუავა 2021 წლიდან „ტიკტოკზე“ აქვეყნებდა ვიდეოებს ქართველებისა და აფხაზეთის მეგობრობაზე, ერთად თანაცხოვრების პერსპექტივაზე და ა.შ.

ის 2021 წელს ტყვარჩელიდან ჩამოვიდა თბილისში და უკან აღარ დაბრუნდა. 2022 წელს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბუავას ბრალი წაუყენა.

იხილეთ ასევე: