თბილისში გარდაცვლილი იპოვეს 32 წლის ბლოგერი აფხაზეთიდან, დაურ ბუავა. „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ მუხლით გამოძიების დაწყება სტანდარტული პროცედურული პრაქტიკაა მსგავს შემთხვევებში.

შსს ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი საკუთარ ბინაში გუშინ ღამით ნახეს.

„ტვ პირველს“ ბუავას მეზობლები უყვებიან, რომ კორპუსში საცხოვრებლად ის ერთი წლის წინ გადავიდა და ბოლო პერიოდში მარტო ცხოვრობდა. მათივე ცნობით, კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბუავა შენობაში ბოლოს 23 აგვისტოს შევიდა.

2022 წელს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბუავას ბრალი წაუყენა. მაშინ ბუავას საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკეს. ის 2021 წელს ტყვარჩელიდან ჩამოვიდა თბილისში და უკან აღარ დაბრუნდა.

ბუავა 2021 წლიდან ტიკტოკზე აქვეყნებდა ვიდეოებს ქართველებისა და აფხაზეთის მეგობრობაზე, ერთად თანაცხოვრების პერსპექტივაზე და ა.შ.

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური წერდა, რომ ბუავას ვიდეოები აზიანებდა „ აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას და მიმართულია მტრული სახელმწიფოს დახმარებისკენ აფხაზეთის წინააღმდეგ“.

„ნეტგაზეთმა“ თბილისში გადმოსულ აფხაზ ტიკტოკერთან ინტერვიუ 2021 წლის დეკემბერში ჩაწერა.