მამუკა მდინარაძე, რომელიც ამჟამად რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, თანამდებობას ტოვებს და ამბობს, რომ პოლიტიკიდან საერთოდაც მიდის.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი მამუკა მდინარაძემ მარტომ გამართა, მასთან ერთად არ ყოფილა ირაკლი კობახიძე.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პრინციპში, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო ამ თემასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი“, – თქვა მდინარაძემ.

მდინარაძემ მადლობა გადაუხადა „ოცნების“ თითოეულ „ჯარისკაცს“ და გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.

„მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო. გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ 10 წლის განმავლობაში თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის რაღაც შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობაც არის მაქსიმალური, არის ურთულესი და არ არის მარტივი ამბავი და მე მინდა, რომ დააფასოთ ყველა ის ადამიანი, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე. ურთულესია, როდესაც ეს პასუხისმგებლობა და ეს ჩართულობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან“, – ამბობს მდინარაძე.

მისი თქმით, წუხელ ესაუბრა ირაკლი კობახიძეს, ხოლო დღეს დილით, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს – ბიძინა ივანიშვილს. მდინარაძე ამბობს, რომ ისინი დაარწმუნა მისი გადაწყვეტილების სისწორეში:

„ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიციირებული… ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ამის უფლებაც ავიღე, რომ გუნდის იმ ორი ლიდერის მხრიდან – ბატონი ბიძინას და ბატონი ირაკლის მხრიდან არ იყო თავიდანვე ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ მე დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე ჯობდა და არ იყო, ვთქვათ, ჩემი პოზიცია დღეს ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ ვინმე და დამთანხმდნენ, საბოლოო ჯამში. მე მადლიერი ვარ ამის“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ თქვა, რომ შეიძლება ძალები ბიზნესში მოსინჯოს.

„რომ მეფიქრა, დავუშვათ, რომ რეგიონებს ვინც მიხედავს, ასეთი ჩემ გარდა არავინაა ამ გუნდში, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას“, – თქვა მან.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა „ოცნების“ ყოფილი ლიდერის და ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილები. ღარიბაშვილმა თქვა, რომ პირველი საჯაროდ გამოქვეყნებული წერილი მას მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. მისი მტკიცებით, წერილით კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობდნენ. მოგვიანებით ყოფილმა პრემიერმა დააზუსტა, რომ წერილი მდინარაძემ თავისი ახლო მეგობრის ხელით გადასცა ღარიბაშვილის ოჯახის წევრს.

ამ თემაზე დასმულ კითხვებზე საპასუხოდ დღეს მდინარაძემ განაცხადა, რომ არც „შეუთვლია“ და არც წერილი გაუგზავნია ღარიბაშვილისთვის:

„წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის არ გამიგზავნია, მესიჯს თუ არ ჩავთვლით. […]

წერილში რა წერია, იცით თქვენ, წაკითხული გაქვთ ის წერილი? ანუ, მისი მხარდამჭერის პოზიციიდან უნდა მელაპარაკა, ხომ? ის წერილი რომ ჩემი ყოფილიყო, მივყვეთ ლოგიკას, ახლა მაქვს თავისუფლად საუბრის საშუალება, მისი მხარდამჭერის პოზიციიდან არის წერილი დაწერილი, ხომ? მამუკა მდინარაძის რანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო? სად არის ლოგიკა, თქვენ მითხარით. […] არავისთვის არ გამიგზავნია [წერილი] არასდროს. [არც შეგითვლიათ?] არა-მეთქი… პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, მით უმეტეს, წერილი ჩემს ცხოვრებაში არ გამიგზავნია არავისთვის. არანაირი წერილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება პოლიტიკაში დაბრუნებაზე დასმულ კითხვას, მდინარაძე ამბობს, რომ საკუთარ გუნდს თუ „ძალიან“ დასჭირდება და „სხვა გამოსავალი არ იქნება“, ასეთ გადაწყვეტილებას „მარტო ამ შემთხვევაში“ მიიღებს.

მამუკა მდინარაძე ისე გადადგა, რომ მას ბოლო თანამდებობაზე – რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე – 1 თვეც არ გაუტარებია.

ის ასევე ვერ მოესწრო სპეციალურად მისთვის კიდევ ერთი ახალი თანამდებობის შექმნას. საუბარია რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შესახეებ, რომელიც სექტემბერში უნდა შექმნილიყო.

რაც შეეხება ბოლო 1 წელში მამუკა მდინარაძის თანამდებობების ქრონოლოგიას:

  • 2025 წლის 3 სექტემბერს მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად დაინიშნა
  • 2026 30 აპრილიდან მამუკა მდინარაძე მისთვის შექმნილ ახალ თანამდებობას იკავებდა – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის. ამასთან ერთად, ის ასევე იყო ვიცე-პრემიერიც
  • 2026 წლის 29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სექტემბრიდან მამუკა მდინარაძისთვის კიდევ ერთი ახალი თანამდებობა იქმნებოდა- რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის. თანამდებობის შექმნამდე კი არასრული 1 თვით რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

გარდა ამისა, ბოლო ერთ წელში მამუკა მდინარაძემ სხვადასხვა წოდებაც დააგროვა და საბოლოოდ პოლიტიკა სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის წოდებით დატოვა.

რა წოდებები მიიღო მამუკა მდინარაძემ ბოლო 1 წელში:

  • 2025 წლის 3 სექტემბერს მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის წოდება მიენიჭა
  • 2025 წლის 23 ოქტომბერს – უფროსი ლეიტენანტის წოდება
  • 2025 წლის 25 დეკემბერს – სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის წოდება, მეორე დღეს, 26 დეკემბერს კი – სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის
  • 2026 წლის 21 აპრილს კი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გახდა.