აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება აცხადებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება „ანტიაფხაზური და ანტირუსული პროპაგანდის ნაწილია“.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი დასავლური ქვეყნების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება და მას „პროპაგანდისტულ განცხადებას“ უწოდებს.
უწყების განცხადებით, ლატვიის წარმომადგენლის მიერ რამდენიმე დასავლური ქვეყნის სახელით გაკეთებული განცხადება „ისტორიული და სამართლებრივი რეალობის იგნორირებას“ ახდენს.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ასევე ამბობს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარება და რუსეთთან თანამშრომლობა „თვითგამორკვევის უფლების განხორციელების“ შედეგია.
უწყების მტკიცებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები „თანასწორუფლებიან და სტრატეგიულ“ ხასიათს ატარებს და ორ ქვეყანას შორის 100-ზე მეტი სახელმწიფოთაშორისი და უწყებათაშორისი შეთანხმება მოქმედებს. სოხუმი რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აფხაზეთის „სუვერენულ უფლებად“ მიიჩნევს.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლეთის ქვეყნებს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს სხვადასხვა შემთხვევაში „უგულებელყოფენ“.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გავრცელებული განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოს ოფიციალური დოკუმენტი არ არის და მას მხოლოდ საბჭოს წევრი ქვეყნების „ვიწრო ჯგუფი“ შეუერთდა.
„რესპუბლიკა აფხაზეთი შემდგარი, სუვერენული სახელმწიფოა. ჩვენი სამართლებრივი სტატუსი და გეოპოლიტიკური პარტნიორების არჩევანი გადასინჯვას არ ექვემდებარება“, – ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება სოციალურ ქსელებში, მათ შორის Instagram-ზე, Facebook-სა და X-ზე გაავრცელა.
