„ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ არ სჯერა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების.

ის დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილს და მის ოჯახს არავითარი საფრთხე არ ემუქრება:

„ეს მუქარა არის ნონსენსი, ან ეს მოთხოვნა, რომ მოდი კიდევ ერთი ის [ბრალი] დაიმატე, თან არაფერ სასჯელს არ გაგიზრდი, ისევ ხუთი წელი დარჩება და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ მომავალში პოლიტიკაში არ მოხვალ, ეს არის წარმოუდგენელი სისულელე იდეაში იურიდიულად და ვერ გავიგე. თუ უფრო მეტს იტყვის, შეიძლება უფრო გავიგო, მაგრამ არ ამბობს ეს კაცი. რასაც ამბობს, იმისი არ მჯერა, იმიტომ, რომ გარანტია ეგ არ არის. […]

რისთვის დასჭირდა, არ ვიცი, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი საფრთხე მას და მის ოჯახს არ ემუქრება და ამას არავინ დაუშვებს“, – ამბობს შარმანაშვილი.


პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.

პირველად გამოქვეყნებულ პოსტში ყოფილმა პრემიერმა დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამავე განცხადებაში ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება.

18 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში ის ივანიშვილის აღარ ახსენებს და ამბობს, რომ წინა დღით Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილი ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.

ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას.  წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.

ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს. ღარიბაშვილს მდინარაძემაც უპასუხა.

20 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ღარიბაშვილმა „ოცნებას“ მიმართა და თქვა, რომ მოუწყვეს „ბინძური პროვოკაცია“; „არაკაცური მახე“ დაუგეს; მოატყუეს და გაწირეს; აუწიოკეს ოჯახი; სახლში შეუვარდნენ მის მშობლებს; ასევე სიმამრის ოჯახს. ამავე წერილში ის ამბობს, რომ მეორედ მიიღო მინიშნება მამამისის დაჭერასთან დაკავშირებით.

„სულ ტყუილად და უსუსურად წვალობთ, რომ ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე“, – წერს ღარიბაშვილი.