რუსეთის ცესკოს ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ რუსებს, რომლებმაც „ქვეყანა დატოვეს და უღალატეს“, ხმის მიცემის უფლება უნდა ჩამოერთვათ. ამის შესახებ ცესკოს ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ რადიო „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმ ადამიანების საარჩევნო უფლების შესახებ, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება „უცხოეთის აგენტებად“ მიიჩნევს.

„მე მიმაჩნია, რომ თუ წახვედი ქვეყნიდან, უღალატე ქვეყანას, მაშინ გაეთრიე, ეს ჩემი პოზიციაა“, – განაცხადა პამფილოვამ.

მისი თქმით, ე.წ. „არამეგობრულ“ ქვეყნებში ხმის მიცემის პროცესი რთულად ჩაივლის, რადგან მოსალოდნელია „პიკეტები“ და „პროვოკაციები“. პამფილოვამ განაცხადა, რომ ისინი, ვინც „ქვეყნიდან გაიქცა“, თითქოსდა ემზადებიან სახელმწიფო დუმის არჩევნების „ჩასაშლელად და დისკრედიტაციისთვის“.

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 18-დან 20 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ერთადერთი ოპოზიციური პარტია “იაბლოკო”, რომელსაც მშვიდობის და ომის შეწყვეტის გზავნილებით სურდა კენჭისყრაში მონაწილეობა, არჩევნებიდან მოხსნეს. ქვეყნიდან გააქციეს პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი, რომელიც ასევე ომის შეწყვეტას უჭერს მხარს.

ეს იმანს ნიშნავს, რომ არჩევნებში მხოლოდ პუტინის პარტია “ედინაია რასია” და სისტემური ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას.

სისტემური ოპოზიცია რუსულ პოლიტიკაში ნიშნავს ოფიციალურად რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ფორმალურად მმართველი პარტიის  ოპონენტებად ითვლებიან, მაგრამ სინამდვილეში კრემლის თამაშს თამაშობენ და მოქმედ პოლიტიკურ რეჟიმს საფრთხეს არ უქმნიან. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ქმნიან დემოკრატიული სისტემის დეკორაციას და არიან ოპოზიციის როლში პუტინის თეატრში.

ისინი არასდროს აყენებენ ეჭვქვეშ ვლადიმერ პუტინის ძალაუფლებას და მხარს უჭერენ მთავრობას ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხში – იქნება ეს საგარეო პოლიტიკა, უკრაინაში მიმდინარე ომი, საკონსტიტუციო ცვლილებები თუ რეპრესიული კანონების მიღება.

მათ უფლება აქვთ, მთავრობა გააკრიტიკონ ლოკალურ ან სოციალურ პრობლემებზე (მაგალითად, მოითხოვონ პენსიების ზრდა, ან კომუნალური გადასახადების დაწევა). ამის მიზანია დემოკრატიისა და მრავალპარტიულობის ილუზიის შექმნა, ასევე, საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების „უსაფრთხო“ კალაპოტში მიმართვა.

სისტემისადმი ლოიალობის სანაცვლოდ, ეს პარტიები იღებენ უხვ სახელმწიფო დაფინანსებას, აქვთ თავისუფალი წვდომა ფედერალურ ტელეარხებზე, უსაფრთხოების გარანტიები და სტაბილური ადგილები პარლამენტსა თუ რეგიონულ საბჭოებში.

რით განსხვავდება ის ნამდვილი ოპოზიციისგან?

არასისტემურ ოპოზიციას უწოდებენ იმ პოლიტიკოსებსა და მოძრაობებს (მაგალითად, ალექსეი ნავალნის გუნდი), რომლებიც რეალურად ითხოვენ და ცდილობენ ხელისუფლების ცვლილებას. მათ არ აძლევენ პარტიის რეგისტრაციის უფლებას, არ უშვებენ არჩევნებზე და მათ წინააღმდეგ სახელმწიფო იყენებს მკაცრ რეპრესიებს – დაპატიმრებებს, დევნასა და ქვეყნიდან იძულებით გაძევებას.

ყველა გამოკვეთილი არასისტემური ოპოზიციონერი ლიდერი რუსეთში ან მკვდარია/მოკლული(ალექსეი ნავალნი, ბორის ნემცოვი) ან ციხეში ზის ან ემიგრაციაშია (ილია იაშინი, კარა მურზა და სხვა).