ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ აფხაზეთში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბენზინის გადატანა საქართველოს მთავრობასთან იყო შეთანხმებული. ამის შესახებ მან დღეს, 18 აგვისტოს განაცხადა ბრიფინგზე.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ თემას გარკვეული პოლიტიკური მგრძნობელობა გააჩნია, ბიზნესმა მიმართა მთავრობას და მათ მისცეს ნებართვა, ევაჭრათ ბენზინით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

კობახიძის თქმით, მათ ამ საკითხის ირგვლივ დაინახეს “სარგებელი მათ შორის ნდობის აღდგენის კუთხით”.

მისივე ინფორმაციით, ინიციატივა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოდიოდა, რადგან იქ საწვავი გამოილია. თუმცა, არ იცის ეს ინიციატივა აფხაზეთში ბიზნესს გაუჩნდა თუ ვინმე სხვას.

კობახიძე ფიქრობს, რომ აფხაზეთში ადამიანები კმაყოფილები არიან თბილისის გადაწყვეტილებით.

რაც შეეხება მოცულობას, მისი მონაცემებით უკვე შესულია 680 ტონა საწვავი. მისი თქმით, ეს ძალიან დიდი მოცულობა არ არის, თუმცა საკმარისი ჰუმანიტარულ კრიზისზე რეაგირებისთვის. მან დააანონსა, რომ საწვავი ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ შევა.