მოსკოვის აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი ბახტიარ გასანოვი რუსეთიდან დეპორტირებულია. ამის შესახებ იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო APA-ს რუსული ბიურო.
APA-ს ცნობით, ბახტიარ გასანოვი მიგრანტთა დროებითი მოთავსების ცენტრიდან, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა, აეროპორტში გადაიყვანეს და რუსეთის ფედერაციიდან გააძევეს.
გასანოვს, რომელიც მოსკოვში აზერბაიჯანის ეროვნული-კულტურული ავტონომიის თავმჯდომარეა, რუსეთის მოქალაქეობა გასულ წელს გაუუქმდა.
მიმდინარე წლის ივნისში სამართალდამცველებმა დააკავეს და მიგრანტთა დროებითი მოთავსების ცენტრში გადაიყვანეს.
დღესვე, 17 აგვისტოს, აზერბაიჯანმა რუსეთის სამი მოქალაქე, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მრჩეველი ალექსეი ჩადაევი, „მოსკვა 24“-ის წამყვანი ივან კნიაზევი და პოლიტკონსულტანტი სემიონ ურალოვი დაუსწრებლად დააპატიმრა და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მათ „სიძულვილის გაღვივებასა“ და „ტერორიზმისკენ მოწოდებაში“ ედებათ ბრალი აზერბაიჯანის შესახებ YouTube-შოუებში გაკეთებული განცხადებების გამო.
აზერბაიჯანისა და რუსეთის ხელისუფლებები ერთმანეთის მოქალაქეებს 2025 წლის ზაფხულიდან დევნიან, მას შემდეგ, რაც რუსეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლების წინააღმდეგ მასობრივი რეიდები ჩატარდა. თავის მხრივ, აზერბაიჯანმა დააკავა რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების რამდენიმე თანამშრომელი და 11 რუსეთის მოქალაქე – ტურისტები და რუსეთში რელოკანტები. მედიის თანამშრომლები რამდენიმე თვის შემდეგ გაათავისუფლეს, დანარჩენებს კი რეალური პატიმრობის ვადები მიუსაჯეს.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
