რას ამბობს კანონი
საქართველოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას კრძალავს. ამავე მუხლის მიხედვით, ასეთი საქმიანობა განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს სპეციალური თანხმობით, თუ ის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, დეოკუპაციას, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ან ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება.
თუმცა, იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, მხოლოდ ამ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის თქმა, დაირღვა თუ არა კანონი.
„სამართლებრივად რომ ვიმსჯელოთ, ყველაფერზე ცოტა მეტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვარაუდებით და დაშვებებით მოგვიწევს მსჯელობა. ჩვენ ვიცით ფაქტი, რომ პროდუქტი საქართველოს ტერიტორიიდან, სავარაუდოდ, შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ვინ შეიტანა, რა გზით, ვინც შეიტანა, იყო თუ არა ის საქართველოს მოქალაქე თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე – ეს ყველაფერი თუ არ გვეცოდინება, სრული პასუხი არ გვექნება“, – ამბობს ალაფიშვილი.
მისი განმარტებით, სამართლებრივი შეფასებისას მნიშვნელობა აქვს იმასაც, ვინ ახორციელებდა გადაადგილებას.
ალაფიშვილის თქმით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით გადაადგილების შეზღუდვა უცხოელ მოქალაქეებზე ვრცელდება. მათთვის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ერთადერთ გზად ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან შესვლაა განსაზღვრული.
„ეს თავისთავად ნიშნავს, რომ უცხოელი საზღვაო გზით იმ ტერიტორიაზე ვერ მოხვდება. თუ დავუშვებთ, რომ უცხოელმა ეს პროდუქტი საზღვაო გზით შეიტანა და არა ზუგდიდის სახმელეთო გზით, ამ შემთხვევაში უნდა ვიმსჯელოთ გადაადგილების შესახებ კანონის ნორმის დარღვევაზე“.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის კანონით არ არის განსაზღვრული, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რომელი მიმართულებიდან უნდა შევიდნენ.
„საქართველოს მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა, საიდან შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კანონით გათვალისწინებული არ არის, რადგან საქართველოს მოქალაქეს მის მთელ ტერიტორიაზე გარანტირებული აქვს თავისუფალი გადაადგილების უფლება გარკვეული შეზღუდვებით. გადაადგილებაზე მთავრობის თანხმობა სჭირდება მხოლოდ უცხოელებს“.
ერთჯერადი ოპერაცია თუ ეკონომიკური საქმიანობა
ალაფიშვილი ასევე გამოყოფს კიდევ ერთ საკითხს – რა უნდა ჩაითვალოს ეკონომიკურ საქმიანობად „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის მიზნებისთვის.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი ეკონომიკური საქმიანობა და პროდუქტის ერთჯერადი გადაადგილება.
ალაფიშვილის შეფასებით, თუ საქმე ერთჯერად ოპერაციას ეხებოდა და მას საქართველოს მოქალაქე ახორციელებდა, პროდუქტის შეტანა თავისთავად კანონის დარღვევას არ ნიშნავს.
„თუ ეს ერთჯერადი ოპერაცია იყო, ამ შემთხვევაში მისი განმახორციელებელი საქართველოს მოქალაქე იყო, მას შეეძლო ეს პროდუქტი როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო გზით შეეტანა – რაც იმთავითვე გულისხმობს სახელმწიფოს ჩართულობას. ამ შემთხვევაში კანონის დარღვევა არ იქნებოდა“.
იურისტი ამბობს, რომ კანონის ამ ნაწილში მნიშვნელოვანია განსხვავება ერთჯერად ოპერაციასა და სამეწარმეო საქმიანობას შორის.
„ერთჯერადი ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევაში არ გამოდის სამეწარმეო საქმიანობა – ანუ არაერთჯერადი, მოგების მიზნით წარმოებული საქმიანობა. მართალია, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა მოგება, მაინც საჭიროებს თანხმობასო, მაგრამ არაერთჯერადობის გაგება მაინც რჩება, რადგან ნებისმიერი, ვინც სახლიდან ერთხელ გაყიდის ნივთს, მეწარმე გამოდის ამ ლოგიკით“.
ალაფიშვილი ასევე ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევაში კანონი მთავრობის მხრიდან სპეციალური სამართლებრივი აქტით თანხმობის გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
მისი თქმით, მოცემულ შემთხვევაში კი, არსებული ინფორმაციით, არ ჩანს, რომ ვინმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთ საქმიანობას მუდმივად ახორციელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი, რა გზით შევიდა საწვავი?
ალაფიშვილი ყურადღებას ამახვილებს საწვავის სავარაუდო მოცულობაზეც.
მისი თქმით, თუ საუბარია 3 000 ტონა საწვავზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა, ასეთი მოცულობის სახმელეთო გზით შეტანას მნიშვნელოვანი ლოგისტიკური რესურსი დასჭირდებოდა.
„როგორც მესმის, ამ მოცულობას სახმელეთო საზღვარზე, თუნდაც ერთი საათით გახსნის შემთხვევაში, არ ეყოფოდა. ტექნიკურად შეუძლებელია. ამ მოცულობის ავტომობილიც, ერთიან პარტიად შესულიყო, 3 000 ტონა – მინიმუმ 100 მანქანაა, როგორც მესმის. ამდენი მანქანის ერთად თავმოყრას ადგილობრივი მოსახლეობაც შენიშნავდა. ამიტომ ვმსჯელობ საზღვაო გზაზე“.
თუმცა, ალაფიშვილი ხაზს უსვამს, რომ საქართველოდან აფხაზეთში საწვავის საზღვაო გზით შეტანის გარდა, შესაძლებელია სხვა სცენარიც – პროდუქტი პირდაპირ უცხოეთიდან საზღვაო გზით შესულიყო აფხაზეთში და საქართველოს ტერიტორია საერთოდ არ გაევლო.
მეტი ინფორმაცია უნდა გახდეს საჯარო
იურისტი მიიჩნევს, რომ საკითხზე მეტი ინფორმაციის გასაჯაროება მნიშვნელოვანია.
„მეტი გამჭვირვალობისთვის კარგი იქნებოდა [დარწმუნებული ვარ, ამ ოპერაციის დიდი ნაწილი იქნება გრიფირებული ], იმ ფარგლებში, რაც საზოგადოების და ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრების, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ინტერესს დააკმაყოფილებდა, გამხდარიყო საჯარო“.
მისი თქმით, საკითხს მხოლოდ საქართველოს შიდა საზოგადოებრივი ინტერესის თვალსაზრისით არ აქვს მნიშვნელობა და არსებობს საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული რისკიც.
„ჩვენი მოქალაქეების ლეგიტიმური ინტერესის დაკმაყოფილების გარდა, არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ინტერესი სანქციების თვალსაზრისით“.
ალაფიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გამოირიცხოს შესაძლებლობა, რომ მსგავსი მარშრუტი მომავალში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით გამოიყენონ.
„ხომ შეიძლება იგივე მარშრუტი გამოყენებული იყოს რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების თავიდან ასაცილებლად? ნავთობის ნაცვლად იქ აღმოჩნდეს ისეთი პროდუქტი, იგივე გზით, რომელიც რუსეთისთვის გადამწყვეტია, ან სხვა სანქცირებული ქვეყნისთვის“.
მისი თქმით, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია არსებობდეს გარანტია, რომ აფხაზეთში მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად განხორციელებული ოპერაცია მომავალში არასაჯარო მუდმივ მექანიზმად არ იქცევა.
„სად არის გარანტია, რომ ჰუმანიტარული თუ ნდობის აღდგენის შლეიფის ქვეშ ეს ტრანზაქცია არ მიიღებს პერმანენტულ ხასიათს? იქაური საჭიროება მოქალაქეებისა ხომ არ იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ გატესტილიყო შესაძლო სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი თუ სამართლებრივი გზა“.
ალაფიშვილის თქმით, არსებული კითხვების საპასუხოდ მეტი ინფორმაციის მიწოდება მთავრობის პასუხისმგებლობაა.
„ამ ყველაფერზე პასუხი უნდა გასცეს საქართველოს მთავრობამ. მე არ ვიცი საერთოდ, როგორ მოხდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება, მთავრობის კონტროლს მიღმა არ მგონია ეს მომხდარიყო და სწორედ საერთაშორისო სანქციური ჯგუფისთვის სიგნალის გაგზავნის მიზანი შეიძლება იყოს, რომ ჰუმანიტარული მიზნითაა ეს გაკეთებული“.
მისი შეფასებით, დამატებითი განმარტებების გარეშე საკითხი შესაძლოა საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფების ინტერესის საგანიც გახდეს.
„თუ ამ კითხვებს პასუხები არ გაეცა, შესაძლებელია საერთაშორისო სანქციური ჯგუფის ინტერესშიც მოექცეს ეს ოპერაცია“.
რუსეთსა და შესაბამისად, აფხაზეთში საწვავის კრიზისის ფონზე, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა. მისი თქმით, საწვავი საქართველოს სახელმწიფოს არ შეუტანია და ეს ბიზნესმა გააკეთა.
კობახიძემ ამ თემაზე „ტვ პირველის“ კითხვას უპასუხა.
„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. ზოგადად, ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონიც. თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებას აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აპსნიპრესი“ გამოეხმაურა და კომენტარისთვის აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას მიმართა.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში განაცხადეს, რომ რუსეთიდან საწვავის მიწოდება კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობების ფარგლებში კვლავ ხორციელდება. მათი ინფორმაციით, წინა დღეს რუსეთიდან აფხაზეთში 1 100 ტონა ბენზინი შევიდა.
ამასთან, აფხაზური მხარე ამბობს, რომ არსებობს „გარე სირთულეები“, რომლებიც დაგეგმილ მიწოდების გრაფიკზე გავლენას ახდენს. მათი განცხადებით, ზაფხულის სეზონზე საწვავზე გაზრდილი მოთხოვნისა და დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით განიხილება საავტომობილო საწვავისა და სხვა ნავთობპროდუქტების ალტერნატიული წყაროებიდან შემოტანის შესაძლებლობა.
„სირთულეებს აფხაზეთის საწვავის ბაზრის მონაწილეებიც შეხვდნენ. მათ შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან საწვავის შემოტანის შესაძლებლობის მოძებნა. არსებული ვითარების განმუხტვის მიზნით გადაწყდა, რომ საქართველოდან საავტომობილო საწვავის შემოტანისთვის ხელის შეშლა არ მოხდა“, – განაცხადეს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში.
მათივე განცხადებით, მსგავსი შემთხვევები წარსულშიც ყოფილა და 1990-იან წლებში აფხაზეთიდან საქართველოში საწვავის მიწოდება გაიხსენეს.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში ასევე განაცხადეს, რომ ხელს არ შეუშლიან აფხაზეთში სხვა ქვეყნებიდან საწვავ-საპოხი მასალების შემოტანას და ამ პროცესში საწვავის ბაზრის მონაწილეების დახმარებისთვის მზად არიან.
