„ალეკო ელისაშვილს უკვე წარუდგინეს ბრალი, მეოთხე ბრალი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ახლა მას ეღიმება ამ საქმესთან დაკავშირებით…
ამ შემთხვევაში ერთადერთი ბრალდებული უნდა ყოფილიყო შოთა ჭიპაშვილი, რომელმაც ჩაიდინა არაადამიანური მოპყრობა, წამება ადამიანის, ალეკო ელისაშვილის მიმართ. საქმე გვაქვს რა, ანუ, მწამებელ ადამიანს ალეკო ელისაშვილმა უწოდა „არაკაცი“ და ზუსტად „არაკაცია“ ის სიტყვა, რის გამოც დღეს უკვე ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს“, – თქვა ადვოკატმა მედიასთან.
ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალები დღეს გადაეცა და ჯერ დეტალებს არ იცნობს, თუმცა, მისთვის არსებული ინფორმაციით, გამოძიება საქმის განმხილველი პროკურორის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
ელისაშვილმა სასამართლო სხდომაზე, რომელზეც ჭიპაშვილი იკითხებოდა, მოყვა, რომ მას პოლიციელმა შეაგინა, რასაც თავადაც შეგინებით უპასუხა. ასევე, მისი თქმით, ჭიპაშვილს უთხრა, რომ ხელბორკილები ძალიან უჭერდა და სთხოვდა წინ გადატანას. გარდა ამისა, სხდომაზე ელისაშვილმა თქვა, რომ დაკავების შემდეგ ითხოვა წყალი, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში ჭიპაშვილისგან უარს იღებდა. პოლიციელმა სხდომაზე ბრალდებები უარყო.
10 ივლისს ალეკო ელისაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა. მას ედავებიან 2025 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცალკე მდგომ, დამხმარე ე.წ. კანცელარიის შენობაში ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობას.
გარდა ამისა, ელისაშვილს 30 მარტს ისევ ტერორისტული აქტის მუხლით წარუდგინეს კიდევ ერთი ბრალდება. ამ შემთხვევაში გამოძიება ამტკიცებს, რომ ელისაშვილმა 2025 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძარი გააჩინა. ელისაშვილი უარყოფს, რომ შარშან მაისში მომხდარ ინციდენტზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში თვითონაა.
რაც შეეხება კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეს – ელისაშვილს 2024 წლის დეკემბერში ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინეს (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით).
პროკურატურა ამბობს, რომ მან აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს, პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ელისაშვილი ბრალდებას არ დაეთანხმა. ამ საქმეზე ელისაშვილი პატიმრობაში იმყოფებოდა, მაგრამ მოგვიანებით, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა და პოლიტიკოსი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
