„მე არასოდეს მითქვამს, რომ არ ვფიქრობ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობაზე. მე ვთქვი, რომ ვფიქრობ პარტიის თავმჯდომარეობაზე, მაქვს ჩემი პირობები, და მე ეს პირობები საჯაროდ განვაცხადე”, – ეს განცხადება ტვ პირველზე ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში ნანუკა ჟორჟოლიანმა გააკეთა,
ჟორჟოლიანი ღიად საუბრობს პარტიის თავმჯდომარეობის ამბიციაზე და მიხეილ სააკაშვილისადმი წაყენებულ პირობებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სააკაშვილმა აირჩიოს საქართველო თავის მთავარ სამოქმედო პოლიტიკურ ველად და ღიად შემოვიდეს პოლიტიკაში, როგორც ლიდერი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ა.შ.
ნანუკა ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტისგან უკვე მიიღო გარკვეული სიგნალი:
„მე უკვე მივიღე მიშასგან სიგნალი. მიშა რას მომწერს წერილში, ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ მეორეა, რას გააკეთებს საჯაროდ. შესაბამისად, მე უკვე მივიღე ცხადი სიგნალი მისგან, რომ ის ემზადება, იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მისი პოლიტიკური განცხადებები იყო აბსოლუტურად სხვა შინაარსის და მაინც იყო გვერდით მყოფის, კეთილისმსურველისა და თანამებრძოლის პოზიციიდან.
მაგრამ ეს ბოლო განცხადება ჩემთვის იყო ძალზე ცხადი სიგნალი. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ყველა შემდეგი სვლა გაამყარებს ამ განცხადებას. მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მინდა, რომ ასე იყოს, იმიტომ, რომ მგონია, ეს თამაშის წესებს ძალიან გაამარტივებს — მისი პოლიტიკური ოპონენტებისთვისაც კი (ამ შემთხვევაში მის პოლიტიკურ ოპონენტებში ოპოზიციურ ფლანგს ვგულისხმობ და არავითარ შემთხვევაში ‘ქართულ ოცნებას’).“
კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედებს ეს პროცესი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ალიანსის პერსპექტივაზე, ჟორჟოლიანი პასუხობს:
„მიშა თუ იტყვის, რომ ის პოლიტიკაში შემოდის, ძალიან მარტივია. ანუ, როდესაც ის ხდება ‘ნაციონალური მოძრაობის’ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და ამბობს, რომ არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
არა მგონია, რომელიმე ალიანსის გადაწყვეტილებას მხოლოდ განცხადებებით იღებდნენ. ალიანსის შესაქმნელად შენ ველზე პოლიტიკურად ეფექტური მოთამაშე უნდა გახდე. ‘ნაციონალური მოძრაობა’ პოლიტიკურად ეფექტური გახდება ველზე იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და სიცხადეს შეიტანს პოლიტიკურ დღის წესრიგში.
სიცხადე არის ის, რომ ამ პარტიის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. სიცხადე არის, რომ არსებობს ეფექტურობაც, გამოცდილებაც და შესაძლებლობაც. აი, მოგონილი ლიდერები, რომლებთან დაკავშირებითაც საბოლოო კოჰაბიტაცია მაინც არ დგება, არ იყო ეფექტური დღის წესრიგის შემდგენი. ამიტომ მე მგონია, რომ ახლა ჩვენ უნდა ვიცოდეთ…“
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არ შეუშლის ხელს სამომავლო კოალიციებს:
„მისი ფაქტორი ხელს არ შეუშლის. არც იმ პერიოდში და არც იმ დროის მონაკვეთში, როდესაც ის ამბობდა, რომ უკრაინის გულშემატკივარი უფრო იყო (რაზეც მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს არა პოზიტიური, სხვათა შორის, აქ უნდა განვაცხადო, ეს არ არის ის განცხადებები, რომლებიც მე მომწონს). მე მომწონს მიშას ის განცხადებები, როდესაც ის ამბობს, რომ არის ქართველი, იბრძვის მისი პარტიისთვის და იბრძვის ამ ქვეყანაში ამ რეალობის შეცვლისთვის. მე ასეთი მიშა მინდა ვნახო და მომწონს, როდესაც ამ ფორმაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ვუყურებ.
მაგრამ, მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მიშასგან ბუას არ ქმნიდნენ? ამდენი ხნის განმავლობაში ყველას ‘ნაცს’ არ გეძახიან — თქვენც და ყველას, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ხმაც კი არ მიუციათ ამ პარტიისთვის? რა უშლის ხელს ‘ქართულ ოცნებას’, რომ ყველას ერთ ქვაბში მოხარშოს? ანუ, თუ მეუბნებით და გვთავაზობთ, რომ უნდა ვიყოთ ტყვეობაში — ‘რას იზამს, რას იტყვის ჩვენზე პროპაგანდა’, მე გეუბნებით, რომ პირიქით.“
ნანუკა ჟორჟოლიანი განმარტავს, თუ რატომ რას გეგმავს:
ჩემი ოპტიმიზმი დაფუძნებულია ჩემს სურვილებზე — მე რა შემიძლია, რომ გავაკეთო და მე რა მინდა, რომ იყოს. მე ჯერ არც კვლევა ჩამიტარებია, იმიტომ, რომ მცოდნე ადამიანები და ექსპერტები მირჩევენ, კვლევას ახლა აზრი არ აქვს და მე მათ ვუჯერებ. მინდა, რომ ამ ბაბლურ განწყობებს გავცდე. მინდა, რომ შენგან კი არა, ჩემი სხვა მეგობრებისგან კი არ ვისმენდე მოსაზრებებს, იმიტომ, რომ ჩვენ მაინც ყველა ერთ თემაში ვიხარშებით, არა. მინდა, რომ გავიდე რეგიონში და ვესაუბრო ყველას.
