ნაურუმ, რომელსაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული, ოკუპირებულ სოხუმთან და ცხინვალთან დიპლომატიური ურთიერთობები გაუუქმა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“, და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.
საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ნაურუ, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 10 ათასი კაცია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარებს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აქტს, რომლის შესაბამისად ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას. ამის გარდა, აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისა (სესხი, კრედიტი ან გარანტია) ნებისმიერ პროგრამაზე, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ნაურუს რესპუბლიკა კი, რომელსაც დახმარებას უწევდნენ აშშ-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაციები, დოლანდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტის შესაბამისად, ფინანსურ დახმარებას ვეღარ იღებდა.
