პროკურატურის განცხადებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, 2 პირი დააკავეს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი.

უწყება ამბობს, რომ ბრალდებულებმა თითქოსდა ბიზნეს ინვესტიციის მიზნებისთვის დაზარალებულებს მოტყუებით გამოართვეს 47 443 ლარი.

„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, თითქოსდა ბიზნეს ინვესტიციის მიზნებისთვის, დაზარალებულს მოტყუებით გამოართვეს 47 443 ლარი.

მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა არაერთხელ მოუწოდა ერთ-ერთ ბრალდებულს კუთვნილი თანხების დაბრუნების თაობაზე, იგი დაზარალებულს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა“, – წერია განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ (მუქარა, თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყება ამბობს, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.