პროკურატურის განცხადებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს, მათ შორის- შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი.

უწყება ამბობს, რომ ბრალდებულებმა, თითქოსდა ბიზნეს-ინვესტიციის მიზნებისთვის, დაზარალებულებს მოტყუებით გამოართვეს 47 443 ლარი.

„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, თითქოსდა ბიზნეს-ინვესტიციის მიზნებისთვის, დაზარალებულს მოტყუებით გამოართვეს 47 443 ლარი.

მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა არაერთხელ მოუწოდა ერთ-ერთ ბრალდებულს კუთვნილი თანხების დაბრუნების თაობაზე, იგი დაზარალებულს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა“, – წერია განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ (მუქარა, თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყება ამბობს, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.