პროკურატურა კახეთში, ქორწილში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ უწყებაში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულს ბრალდება დღეს წარედგინება.

„დაკავებულს ბრალი წარედგინება 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და, როგორც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე არის პრაქტიკაში, აღკვეთი ღონისძიების სახით აქაც მოვითხოვთ გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით 5000 ლარის ოდენობით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ქორწილში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე). დაკავებულია სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე.

შსს წერს, რომ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.

დაკავებულის ადვოკატი ლაშა კაპანაძე ამბობს, რომ ქალმა ყელის არეში დაზიანება თავად ჭიღლაძესაც მიაყენა. მისივე თქმით, ჭიღლაძე „რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული“.

დაკავებულის ძმა ამბობს, რომ სასტუმროს სტუმრების ხმაური გამო, ქორწილის სტუმრებს წყალს ასხამდნენ აპარატურის დაზიანების მიზნით, აფურთხებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ინციდენტში მონაწილე ქალი რუსეთიდან, ალიონა ნესტერიუკი უარყოფს, რომ ძალადობას წინ უძღოდა ტურისტების მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია. თუმცა ის ადასტურებს, რომ შესაძლოა გარკვეულ „გაუგებრობასა და კამათს“ ადგილი ჰქონდა რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებსა და ქართველ მექორწილეებს შორის.

საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი, რომლის მიმართაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.