კახეთში ქორწილში მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი ლაშა კაპანაძე აქვეყნებს ვრცელ პოსტს და ჭიღლაძის ფოტოს, სადაც ჩანს რომ მასაც აქვს დაზიანება ყელის არეში.
ადვოკატი ამბობს, რომ ჭიღლაძე პროვოკაციის მსხვერპლია და მისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.
ლაშა კაპანაძე სასტუმრო „აგარანში“ დაპირისპირების შემდეგ ისტორიას ჰყვება:
2026 წლის 18 ივლისს დაახლოებით 18:00 საათიდან ვიმყოფებოდით სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმრო „აგარანის მამულში“, ქორწილის აღსანიშნავად. ღონისძიება მიმდინარეობდა სასტუმროს პირველ სართულზე არსებულ ვერანდაზე.
სასტუმროს მე-3 სართულზე იმყოფებოდნენ რუსულ ენაზე მოსაუბრე დამსვენებლები, რომელთაც მეფე-დედოფლის მიმართულებით დაიწყეს შეძახილი Горька (კოცნა).
იმის გამო, რომ მათ შეძახილს ქორწილში მყოფმა ხალხმა არ მიაქცია ყურადღება, გაღიზიანდნენ და დაიწყეს მე-3 სართულიდან სითხეების გადმოსხმა და ფურთხება ქორწილის სტუმრების მიმართულებით. გადმოსხმული სითხე ასევე ჩაისხა ვერანდაზე არსებულ მუსიკალურ აპარატში, რის შედეგადაც აპარატი გამოვიდა მწყობრიდან და მუსიკა შეწყდა.
აღნიშნულ ფაქტზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ქორწილის სტუმრებსა და მე-3 სართულზე მყოფ დამსვენებლებს შორის. ქორწილის სტუმრებმა მოუწოდეს, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედება და შესულიყვნენ შიგნით. ხოლო მე-3 სართულზე მყოფებმა სტუმრების მისამართით რუსულ ენაზე დაიწყეს გამოთქმები, რომ ვართ პაპუასების ქვეყანა და დედა აგინეს ქორწილში მყოფ სტუმრებს. ქორწილის სტუმრებმა იქვე მყოფ სასტუმროს ადმინისტრაციას მიმართეს დასახმარებლად, რომ აღმოეფხვრათ პრობლემა. ადმინისტრაციის წარმომადგენელიც დაჰპირდა შესაბამის რეაგირებას.
ამ ფაქტიდან მალევე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა აამუშავა მუსიკალური აპარატი და მუსიკები და სიმღერა გაგრძელდა. დაახლოებით 10-15 წუთში მე-3 სართულიდან კვლავ დაიწყეს სითხის გადმოსხმა და ფურთხება. აღნიშნულზე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეურაცხმყოფელ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეეძლო და დატოვა იქაურობა.
გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაპირების მიუხედავად, პრობლემა არ აღმოიფხვრა, გიორგი ჭიღლაძე (სიძის ძმა) ავიდა მე-3 სართულზე და კარზე დაუკაკუნა იქ მყოფ დამსვენებლებს.
კარის გაღების შემდეგ გიორგი ჭიღლაძე დადგა კარის ზღურბლთან, შეიძლება ოდნავ შიგნითაც და ქართულად მიმართა იქ მყოფ ქალს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და მათ ფაქტობრივად ჩაშალეს მისი ძმის ქორწილი.
აღნიშნულზე სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ინგლისურად უპასუხა, რომ იმყოფებოდა მის ოთახში და მოითხოვა მასთან რუსულად ლაპარაკი.
აღნიშნულზე გიორგი ჭიღლაძემ ინგლისურად უპასუხა, რომ ეს ქალი იმყოფებოდა გიორგი ჭიღლაძის ქვეყანაში ანუ საქართველოში და მოსთხოვა, ესაუბრა ქართულად ან საუბარი გაეგრძელებინა ინგლისურად, რაზეც ქალი გახდა უფრო მეტად აგრესიული, გიორგი ჭიღლაძეს სწვდა ყელში და მიაყენა დაზიანება. გიორგი ჭიღლაძემ ხელი გააშვებინა და მიაძახა You fucking whore (შე ბოზო).
ამასობაში ოთახში მყოფი სხვა ქალებიც გამოვიდნენ. ერთ-ერთს ტელეფონი ეკავა და თან ვიდეოს იღებდა.
გიორგი ჭიღლაძეს და იქ დამსვენებელ ქალს შორის გაგრძელდა სიტყვიერი დაპირისპირება, ხოლო იმ ქალმა გიორგი ჭიღლაძეს მოუქნია მარჯვენა ხელი ყელის არეში. გიორგიმ ხელი აუკრა და აიცილა ქალის მოქნეული ხელი.
წამიერად კვლავ გაგრძელდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ორივე ხელი მიარტყა გიორგი ჭიღლაძეს გულ-მკერდის არეში, რაზეც გიორგი ჭიღლაძემ განიცადა ტკივილი.
გიორგი ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და იმ ქალს იდაყვი მოარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ქალი დაეცა.
აღნიშნულზე ოთახში მყოფმა სხვა ქალებმა ატეხეს კივილი, ხოლო იმისათვის, რომ კონფლიქტი უფრო დიდ კონფლიქტში არ გადაზრდილიყო, გიორგიმ დატოვა ოთახი და გაეცალა სასტუმროს ნომერს.
აღსანიშნავია, რომ რუსულად მოლაპარაკე, სავარაუდოდ რუსმა დამსვენებლებმა ვერ აიტანეს ვერანდაზე არსებული ქართული ქორწილი და ქართული სიმღერები, რის გამოც მოაწყვეს პროვოკაცია და როგორც ქცევაზე ეტყობოდათ იმყოფებოდნენ გაურკვეველი ნივთიერების თრობის ქვეშ.
გიორგი ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული.
2026 წლის 18 ივლისს გიორგი ჭიღლაძე მოწმის სტატუსით აგარანის მამულიდან გადაიყვანეს თელავის რაიონულ სამმართველოში. როგორც ადვოკატი ვესწრებოდი გამოკითხვის პროცესს, ასევე გიორგი ჭიღლაძისთვის ყელის არეში მიყენებული დაზიანების გამო, ადგილზე გამოვიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელთაც ასევე დააფიქსირეს დაზიანების ფაქტი.
ამასთანავე მოთხოვნილია, რომ გიორგი ჭიღლაძეს ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, გიორგი ჭიღლაძე 2026 წლის 19 ივლისს დააკავეს და ამჟამად იმყოფება გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
გაცნობებთ, რომ გიორგი ჭიღლაძის უფლებებს ვიცავთ მე და ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი. ამჟამად ველოდებით დაკავებულისთვის ბრალის წარდგენას. საქმეზე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით.
პოსტს ვურთავ გიორგი ჭიღლაძისთვის მიყენებული დაზიანების ამსახველ ფოტოსურათს“.
კახეთში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქორწილის სტუმრებსა და დამსხვენებლებს შორის კონფლიქტი მოხდა. შედეგად დააკავეს სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე, რომელმაც ქალს დაარტყა.
ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში პოლინა კურტამ გაავრცელა წარწერით, რომ საქართველოში კაცები ნომერში უვარდებიან და სცემენ ქალებს რუსული საუბრის გამო.
დაკავებულის ახლობლების ცნობით, კონფლიქტი მოჰყვა არა რუსულად საუბარს, არამედ იმას, რომ სასტუმროს რუსულენოვანმა სტუმრებმა ფაქტობრივად ჩაშალეს ქორწილი — მე-3 სართულიდან ასხამდნენ წყალს, გააფუჭეს აპარატურა, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აგინებდნენ ქორწილში შეკრებილებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
