უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე. რეგიონის გუბერნატორი, ანდრეი ვორობიოვი ამბობს, რომ დაშავდა 10 ადამიანი.

ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე შენობას.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ 19 ივლისის 20:30 საათიდან მეორე დღის დილის 05:00 საათამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 400-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. მისივე თქმით, უმეტესობა რუსეთის დედაქალაქიდან მოშორებით ჩამოაგდეს, ხოლო მოსკოვთან მიახლოებისას 85 დრონი განადგურდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის ძალებმა მოსკოვის რეგიონში დაარტყეს ლოგისტიკის ობიექტებს და ნავთობის ბაზას.

„სამიზნეები ჩვენი საზღვრიდან 400 კილომეტრზე მეტით იყო დაშორებული“, – დაწერა ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა უპილოტო სისტემების ძალებს, სადაზვერვო სამსახურებს, სარაკეტო ძალებსა და არტილერიას, ასევე, სპეციალური ოპერაციების ძალებს.

ზელენსკიმ დასძინა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში დარტყმა განხორციელდა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ორ ტანკერსა და ოთხ მშრალტვირთმზიდ გემზე.

„სამართლიანად ვპასუხობთ თითოეულ რუსულ დარტყმას ჩვენს ქალაქებსა და თემებზე“, – დაწერა ზელენსკიმ.