ბოსნია-ჰერცეგოვინის სასაზღვრო პოლიციამ 15 ივლისს საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა მიგრანტების ქვეყანაში უკანონოდ შეყვანის ბრალდებით.
ბოსნია-ჰერცეგოვინის სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, საქმე ეხება საიდენტიფიკაციო დოკუმენტების არმქონე 4 პირს, რომლებმაც მიგრანტთა კითხვარებში მიუთითეს, რომ ბანგლადეშიდან და პაკისტანიდან არიან, და თურქეთის რესპუბლიკის ერთ მოქალაქეს.
უწყების ცნობით, მიგრანტების უკანონო გადაყვანის ფაქტი გამოვლინდა ლივნოს რაიონში, სასაზღვრო ზოლში, გერმანული სანომრე ნიშნების მქონე „Jeep“-ის მარკის მსუბუქი ავტომობილის შემოწმებისას.
გარდა ამისა, 13 ივლისს ბოსნიამ და ხორვატიამ განაცხადეს, რომ სასაზღვრო ზოლში თურქეთის შვიდი მოქალაქის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს. პოლიცია ამბობს, რომ ამ საქმესთან კავშირშია თურქეთის ორი მოქალაქე, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები მსუბუქი ავტომობილებით გადაჰყავდათ.
პოლიცია ვარაუდობს, რომ ამ ორ სხვადასხვა შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ადამიანთა უკანონო გადაყვანის სისხლის სამართლის დანაშაულს, ფაქტი პროკურატურას აცნობეს. უწყება ამბობს, რომ ოთხივე ეჭვმიტანილი დაკავებულია.
