სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონის პროექტი, რომელიც აშშ-თან გაფორმებული TRIPP-ის („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო- შეთანხმების რატიფიცირების დაწყებას ითვალისწინებს.

TRIPP (Trump Route for International Peace and Prosperity) ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, რეგიონული და გლობალური ვაჭრობის ხელშეწყობას და ამ მიზნით სომხეთსა და აშშ-ს შორის ერთობლივი განვითარების კომპანიის შექმნას. ჩარჩო-შეთანხმების მიხედვით, კომპანია მიიღებს უფლებას, სომხეთის შესაბამის ზონებში 49 წლის ვადით განახორციელოს მიწათსარგებლობა და ინფრასტრუქტურული პროექტები, შექმნას სპეციალური დანიშნულების კომპანიები და პროექტებში სხვა პარტნიორებიც ჩართოს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებით, TRIPP-ის განვითარების კომპანიაში აქციების 74% აშშ-ს, ხოლო 26% სომხეთს ეკუთვნის, თუმცა 49-წლიანი ვადის გაგრძელების შემთხვევაში სომხეთის წილი 49%-მდე გაიზრდება.

როგორც სააგენტო Armenpress იუწყება, პროექტი მთავრობის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა წარადგინა.

მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება შეთანხმების რატიფიცირების პროცესს ოფიციალურად იწყებს.

„ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად ვიწყებთ სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის TRIPP-ის პროექტზე სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო-შეთანხმების რატიფიცირების პროცესს. პროექტი კონსტიტუციურ სასამართლოს გაეგზავნება, ხოლო თუ სასამართლო დაადგენს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები სომხეთის კონსტიტუციას შეესაბამება, საკითხი ეროვნულ კრებას განსახილველად წარედგინება“, – განაცხადა მირზოიანმა.

2026 წლის 26 მაისს ერევანში ჩარჩო-შეთანხმებას ხელი მოაწერეს მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

შეთანხმებას წინ უძღოდა 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის ხელმოწერილი დეკლარაცია და 2026 წლის 13 იანვარს ხელმოწერილი TRIPP-ის განხორციელების ჩარჩო-დოკუმენტი.

მინისტრის განცხადებით, TRIPP-ის შექმნის დოკუმენტაცია ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის და საჭიროა კიდევ ორი დოკუმენტის – აქციონერთა შეთანხმებისა და TRIPP-ის განვითარების კომპანიის წესდების შეთანხმება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთი სრულად შეინარჩუნებს სუვერენიტეტსა და იურისდიქციას სახელმწიფო საზღვრების მართვაზე, სასაზღვრო კონტროლზე, საბაჟო ადმინისტრირებასა და ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულ ყველა საბაჟო პროცედურაზე.

„სომხეთი, თავისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, კვლავ იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, საზღვრის დაცვაზე, საბაჟო და მიგრაციულ კონტროლზე, გადასახადებისა და მოსაკრებლების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვაზე, სახელმწიფო საინფორმაციო სისტემებსა და ადმინისტრაციულ ფუნქციებზე. ეს პასუხობს როგორც საზოგადოებაში გაჩენილ გულწრფელ შეშფოთებას, ისე ბოლო თვეებში გავრცელებულ სპეკულაციებს“, – განაცხადა მან.