სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონის პროექტი, რომელიც აშშ-სთან გაფორმებული TRIPP-ის („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების დაწყებას ითვალისწინებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებით, TRIPP-ის განვითარების კომპანიაში აქციების 74% აშშ-ს, ხოლო 26% სომხეთს ეკუთვნის, თუმცა 49-წლიანი ვადის გაგრძელების შემთხვევაში სომხეთის წილი 49%-მდე გაიზრდება.
როგორც სააგენტო Armenpress იუწყება, პროექტი მთავრობის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა წარადგინა.
მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება შეთანხმების რატიფიცირების პროცესს ოფიციალურად იწყებს.
„ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად ვიწყებთ სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის TRIPP-ის პროექტზე სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების პროცესს. პროექტი კონსტიტუციურ სასამართლოს გადაეგზავნება, ხოლო თუ სასამართლო დაადგენს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები სომხეთის კონსტიტუციას შეესაბამება, საკითხი ეროვნული კრების განსახილველად წარედგინება“, – განაცხადა მირზოიანმა.
ჩარჩო შეთანხმებას ხელი 2026 წლის 26 მაისს ერევანში მან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოაწერეს.
შეთანხმებას წინ უძღოდა 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის ხელმოწერილი დეკლარაცია და 2026 წლის 13 იანვარს ხელმოწერილი TRIPP-ის განხორციელების ჩარჩო დოკუმენტი.
მინისტრის განცხადებით, TRIPP-ის შექმნისთვის დოკუმენტური პროცესი ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის და საჭიროა კიდევ ორი დოკუმენტის – აქციონერთა შეთანხმებისა და TRIPP-ის განვითარების კომპანიის წესდების შეთანხმება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთი სრულად შეინარჩუნებს სუვერენიტეტსა და იურისდიქციას სახელმწიფო საზღვრების მართვაზე, სასაზღვრო კონტროლზე, საბაჟო ადმინისტრირებასა და ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულ ყველა საბაჟო პროცედურაზე.
„სომხეთი თავისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად კვლავ იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, საზღვრის დაცვაზე, საბაჟო და მიგრაციულ კონტროლზე, გადასახადებისა და მოსაკრებლების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვაზე, სახელმწიფო საინფორმაციო სისტემებსა და ადმინისტრაციულ ფუნქციებზე. ეს პასუხობს როგორც საზოგადოებაში გაჩენილ გულწრფელ შეშფოთებას, ისე ბოლო თვეებში გავრცელებულ სპეკულაციებს“, – განაცხადა მან.
