ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის სისხლის სამართლის საქმის მორიგი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, დაცვის მხარის ადვოკატებმა მედიასთან ვრცლად ისაუბრეს პროცესზე გამოკვეთილ ახალი გარემოებების შესახებ. მათი შეფასებით, წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები ყოველგვარ სამართლებრივ სტანდარტს სცდება და ბრალდების აბსურდულობას უსვამს ხაზს.
ჟურნალისტი სტატიების გარეშე და გაურკვეველი ჩანაწერები
როგორც საქმის ერთ-ერთი ადვოკატი ქეთევან ჩომახაშვილი განმარტავს, პროცესზე დაიკითხა მოწმე ნინო ონიანი, რომელმაც სასამართლოს განუცხადა, რომ არის ჟურნალისტი.
ნინო ონიანი აქტიური ტიკტოკერია. ის ხშირად აკრიტიკებს ოპოზიციას სოცმედია ქსელით.
მან წარადგინა ცნობა, რომლის მიხედვითაც, თითქოს 2024 წლის 24 სექტემბრიდან მუშაობს ტელეკომპანია „ქართულ არხში“. მოწმის მტკიცებით, სწორედ ამ საქმიანობიდან გამომდინარე, კონკრეტულმა წყარომ მას გადასცა ე.წ. რაციის ჩანაწერები. ამასთან, ონიანმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და წყაროს ვინაობა არ დაასახელა.
ადვოკატის თანახმად, სამართლებრივად საინტერესოა ის გარემოება, რომ მიუხედავად ჩანაწერების ჟურნალისტური სტატუსით მიღებისა, მოწმეს ეს ინფორმაცია პროფესიული მიზნებისთვის არ გამოუყენებია. მეტიც, მან სასამართლოში აღიარა, რომ როგორც ჟურნალისტს, არცერთი სტატია ან სიუჟეტი მომზადებული არ აქვს. ონიანის განცხადებით, პირადად მოუსმინა გადაცემულ მასალას და მასში დანაშაულებრივი ქმედებები ამოიცნო, თუმცა ვერ დააკონკრეტა, თუ ვისი ხმები ისმოდა საუბარში.
დაცვის მხარის მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, დაეკონკრეტებინათ ჩანაწერის შინაარსი, ადვოკატის თქმით, მოწმემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საუბარი ეხებოდა „მოლოტოვის კოქტეილებს“.
“თუმცა საუბარი იყო მათ დამზადებაზე, გამოყენებაზე თუ სხვა რაიმე ქმედებაზე, მან ვერ დააზუსტა. გარდა ამისა, დაცვის მხარის შეკითხვაზე, ისმოდა თუ არა მასალაში რომელიმე პოლიტიკოსის ხმა, მოწმემ განაცხადა, რომ პოლიტიკოსებს იცნობს, მაგრამ ჩანაწერებში მათი ხმები არ მოუსმენია”.
ადვოკატის თქმით, ბუნდოვანია, რა სამართლებრივი ძალა აქვს მსგავს მტკიცებულებას, თუმცა ბრალდების მხარე თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახის მასალები წარადგინოს სასამართლოში.
„ზღაპრის გმირი“ სასამართლო დარბაზში და მოთხოვნა გამოძიების დაწყებაზე
სასამართლო პროცესზე არსებულ ვითარებას კიდევ უფრო კატეგორიულად აფასებს საქმის მეორე ადვოკატი ომარ ფურცელაძე. ისიც ბრალდებულ ოპოზიციონერს იცავს. მისი განცხადებით, ბრალდების სტანდარტები იმდენად დაბალია, რომ სასამართლოში დასაკითხად ფაქტობრივად „ზღაპრის გმირი“ მოიყვანეს. ადვოკატის თქმით, კომიკური და აბსურდულია მოწმის განცხადება, რომ ის არის ჟურნალისტი, რომელიც წერს სტატიებს, მაგრამ არ აქვეყნებს მათ, ინახავს საკუთარ თავთან და ამ საქმიანობაში მაინც უხდიან ხელფასს.
მისი თქმით, აღნიშნული გარემოებების გამო, დაცვის მხარემ სხდომათა დარბაზშივე მოითხოვა სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყება, რათა დადგინდეს მის მიერ წარმოდგენილი ცნობისა და გახმიანებული ინფორმაციის ნამდვილობა. ადვოკატები მიუთითებენ, რომ არსებობს სერიოზული ეჭვები მისი სახელფასო ანაზღაურების წყაროებთან დაკავშირებით, რადგან მოწმემ ვერ დაასახელა ვერც დამსაქმებელი, ვერც ფინანსური წყარო და ვერც კონკრეტული საქმიანობა, რის სანაცვლოდაც ანაზღაურებას იღებს. მათი პოზიციით, ეს საკითხი დამოუკიდებელ გამოძიებას საჭიროებს, რათა ადამიანებს არ დარჩეთ განცდა, რომ შეუძლიათ სასამართლოში ცრუ ჩვენება მისცენ და ამისთვის პასუხი არ აგონ.
რაც შეეხება უშუალოდ საქმეში არსებულ რაციის ჩანაწერებს, მეორე ადვოკატი განმარტავს, რომ მათ არანაირი ფაქტობრივი კავშირი არ აქვთ მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან. საქმეში არ არის დადგენილი შემდეგი ფუნდამენტური გარემოებები:
- როდის განხორციელდა ეს ჩანაწერები;
- ვინ არიან ჩანაწერებში მონაწილე პირები;
- არის თუ არა მასალა ავთენტური (მონტაჟია თუ რეალური ვიდეო/აუდიოჩანაწერი);
- ვინ არიან კომუნიკაციის მხარეები;
- მონაწილეობდნენ თუ არა მასში სპეციალური სამსახურები ან საპოლიციო ძალები.
მიუხედავად ამისა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულება მაინც დაუშვა. ადვოკატი მიუთითებს, რომ როგორც საქმის გამომძიებელმა, ისე ჩანაწერების წარმომდგენმა პირმა ფაქტობრივად აღიარეს, რომ აქვთ მასალა, თუმცა არ იციან, რა კავშირშია ის განსახილველ საქმესთან და 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე გამართულ აქციებთან. მისი თქმით, ასეთ პირობებში დაცვის მხარისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ამ მასალის მტკიცებულებად განხილვა.
ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა მოწმის წარსულ განცხადებებზე. მისი თქმით, ნინო ონიანს სოციალურ ქსელ „ტიკტოკზე“ 7000 გამომწერი ჰყავს, თუმცა ყველაზე საგულისხმოა მისი საჯარო ვიდეომიმართვები.
დაცვის მხარის განცხადებით, საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომია ჩანაწერი, რომელშიც მოწმე სამართალდამცავებს მიმართავს და აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალადობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ჩანაწერში ის აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა ცემა საკმარისი არ არის და პოლიციამ მათ უფრო მეტად უნდა დაუმტვრიოს ძვლები. ადვოკატის თქმით, ეს შინაარსი მათთვის ზუსტად არის ცნობილი და საჯაროდ ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვისაც, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აღნიშნული მოწმის მიუკერძოებლობასა და სანდოობას.
თავად ნინო ონიანმა სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ინტერვიუზე უარი განაცხადა.
