ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ბიძინა ივანიშვილის ყოფილი წარმომადგენლის, გიორგი უძილაურის განცხადებით, მართლა რომ ჯაშუში ყოფილიყო, კი არ დაიჭერდნენ, არამედ „დაამუშავებდნენ“.
გიორგი უძილაურის განცხადება მედიას მისმა ადვოკატმა, ბექა გულედანმა დღეს, 16 ივლისს, გამართული სასამართლოს სხდომის შემდეგ გააცნო. ვინაიდან უძილაურის საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, სასამართლო დახურულია და საქმის დეტალები საჯარო არ არის.
„გიორგი, როგორც ადრე, თავს დამნაშავედ არ ცნობს. თქვა, რომ მე რომ ჯაშუში ვყოფილიყავი, კონტრდაზვერვა კი არ დამაკავებდა, დამამუშავებდაო. ასევე თქვა, მე პოზიციებს იმის მიხედვით არ ვიცვლი, ტრენდი როგორ იცვლება პოლიტიკაშიო… ეს გიორგიმ იცის, როგორი ტრენდია. ალბათ, იცვლება სხვადასხვა ტრენდი“, – განაცხადა ბექა გულედანმა.
ადვოკატის თქმით, გიორგი უძილაურის საქმეში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლები არ არიან.
„გავრცელებულ კადრებში ვინც ჩანს, ნაცნობები არიან, კონვერტში რა იდო? იდო თანხა? ვინმემ თანხა ნახა? საქმეში არ არის. არავინ არ იცის კონვერტში რა იდო, გამოძიებამ დაადგინოს. ასევე, საქმეში არანაირი დაშიფრული მასალები არ არის“, – განაცხადა ბექა გულედანმა.
ყოფილი ჟურნალისტი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი წარმომადგენელი, გიორგი უძილაური, 5 მაისს დააკავეს. მას საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობა ედება ბრალად.
სუს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უძილაური ბრალს არ აღიარებს.
გიორგი უძილაური ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო. წარსულში კი ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. სწორედ გიორგი უძილაური უძღვებოდა წარსულში ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციებსაც.
უძილაურის საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, ამიტომ დეტალები საჯარო არ არის.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი უძილაური ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაშია ბრალდებული.
