თელავში ძლიერი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დაიტბორა კავკასიონისა და ალაზნის გამზირები. „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ქალაქში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი მედია „მთავარი ამბები კახეთიდან“ წერს, რომ წყალი ამ დრომდე ქუჩებში მიედინება, დატბორილია კორპუსების პირველი სართულები და სარდაფები, ასევე აფთიაქები, მაღაზიები და სხვა ობიექტები.
გარდა ამისა, მათივე ცნობით, ქალაქს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.
„მთავარი ამბები კახეთიდან“ ესაუბრა სახელმწიფო რწმუნებულს კახეთის მხარეში, პლატონ კალმახელიძეს, ის ამბობს, რომ საფრთხის ზონიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.
„როგორც ხედავთ, სტიქიით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია, რაც მთავარია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეზღუდვით მიეწოდება მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, რომელიც დღის განმავლობაში პერიოდულად აღდგება. დაზიანებულია ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. შეფასდება ადგილზე სტიქიის მიერ მიყენებული ზიანი სრულად და დაიწყება აბსოლუტური აღდგენითი სამუშაოები. შეკრებილი იყო საკოორდინაციო საბჭო, ყველა სამინისტრო და ყველა უწყება მობილიზებულია, რომ კოორდინაციაში იმუშაოს რათა რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას სტიქიით მიყენებული ზიანი თელავის მუნიციპალიტეტში“, – თქვა პლატონ კალმახელიძემ მედიასთან.
ფოტო: Misho Barkhudanashvili
