შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასება სამართლებრივად არასწორია – ასე ეხმაურებიან იურისტები, შალვა შავგულიძე და ლია მუხაშავრია „ოცნების“ შს მინისტრის, თამაზ თამაზაშვილის განცხადებას.
საუბარია თამაზაშვილის განმარტებაზე, რომლითაც მან სცადა აეხსნა, რატომ დააკავეს სისხლის სამართლის მუხლით მზია ამაღლობელი სილის გაწვნისთვის და რატომ გაათავისუფლეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგები პოლიციელების „ჯანმრთელობის დაზიანების“ მიუხედავად.
ორივე იურისტი, რომლებით ათეულობით წელია ადამიანების უფლებებს იცავენ ამ ქვეყანაში, თამაზაშვილის განცხადების შეფასებისა და მომხდარის ანალიზისას, ხაზს უსვამენ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელობას. შალვა შავგულიძისა და ლია მუხაშავრიას შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ვერ შეძლო 26 ნოემბერს, ბათუმში, თურქული „ბეშიქთაშსა“ და ებრაული „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შრის მატზე და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების დროს.
„სუვერენიტეტი რას ნიშნავს?” – რიტორიკულ კითხვას სვამს შალვა შავგულიძე და თავადვე პასუხობს – „შენი იურისდიქციის სრულფასოვან გავრცელებას შენ ტერიტორიაზე.
ასეთი შემთხვევა რომ მომხდარიყო ინგლისის რომელიმე სტადიონზე, ინგლისელი პოლიციელისთვის ასეთი შეურაცხყოფა რომ მიეყენებინათ – მუშტები ერტყათ თავ-ყბაში და წაქცეულებისთვის, როგორ ფიქრობთ, ინგლისიდან რამდენიმე საათში სიმღერ-სიმღერით წამოვიდოდა ის გულშემატკივარი? – არა.
რა თქმა უნდა, იმაზე მეტ სამართლებრივ პასუხის არავინ მოსთხოვდა, რაც ეკადრებოდა და ეკუთვნოდა, მაგრამ რაც ეკუთვნოდა, იმ პასუხს მიიღებდა.
აქ ვლინდება სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ძალიან რომ ცდილობენ ამ ფრაზის წინ და უკან ტრიალს ასე უაზროდ. ვინც არ უნდა დააშავოს შენთან და რაც არ უნდა დააშავოს, თურქი გულშემატკივარი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, არა ამ ქვეყნის მოქალაქე, მან უნდა აგოს სათანადოდ პასუხი შენი კანონმდებლობის მიხედვით. ამას ჰქვია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ტერიტორიალობის პრინციპი. შენ თუ ვერ იცავ შენს სამართლებრივ პრინციპებს, შენ ვერ იცავ შენ სუვერენიტეტს”.
დღეს, 27 ნოემბერს, ჟურნალისტებმა შს მინისტრს, თამაზ თამაზაშვილს ჰკითხეს, რატომ გაათავისუფლეს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები მაშინ, როცა თავად თამაზაშვილის ინფორმაციით, მათთან დაპირისპირებისას ოთხმა პოლიციელმა „მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება“. ამ კითხვის დასმისას ჟურნალისტებმა გაიხსენეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმე, რომელსაც სილის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და საბოლოოდ 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ ეს ორი საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება, რასაც ასე ხსნის:
„გეტყვით ახლა განსხვავებას, ქომაგების და ქალბატონი მზია ამაღლობელის ქმედების. მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას – განა ირაკლი დგებუაძეს – გაარტყა სილა… ის იყო დემონსტრაციული აქტი – პოლიციისთვის სილის გაწნა. ეს [ქომაგების მიერ პოლიციელების ცემა] არის ქომაგები“.
იურისტი ლია მუხაშავრია თამაზაშვილს ეთანხმება იმაში, რომ ეს საქმეები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა, უფლებადამცველი ხნის, რატომ არის უფრო მძიმე მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტები, მზია ამაღლობელის საქმესთან შედარებით.
„განსხვავება არის ძალიან თვალსაჩინო და აშკარა. არ არსებობს დემონსტრაციულად ჩადენილი დანაშაული და ჩუმად ჩადენილი დანაშაული. თუ მაინცდამაინც დემონსტრაციულობაზე ლაპარაკობს მინისტრი, ორივე მოხდა საჯარო სივრცეში, მრავალი ადამიანის თანდასწრებით, ხომ?!
ერთგან ეს არის ქალი, რომელმაც სილა გააწნა მამაკაცს. ფეხზე დგას ორივე. დგებუაძე ამის მერე არ წაქცეულა. მეორე შემთხვევაში არის ის ფოტო, რომელზედაც ჩანს, რომ უკვე წაქცეულ პოლიციელს ზემოდან მუშტს ურტყამს მამაკაცი. ამ შემთხვევაში დარტყმის ძალა და დარტყმის შედეგად მიყენებული ზიანი იქნება არსებითად, მნიშვნელოვნად განსხვავებული.
სხეულის დაზიანების ხარისხი განსაზღვრავს ხოლმე დანაშაულის სიმძიმეს. ერთია სილის გაწვნა, რომელსაც მოჰყვა დგებუაძის ლოყის გაწითლება და მან იგრძნო ტკივილი, ხოლო, ფოტოზე ასახული შემთხვევა, როგორ ურტყამს თურქი თურქი გულშემატკივარი წაქცეულ პოლიციელს, რაც გამოიწვევდა სულ სხვა დაზიანებას, გაცილებით მძიმეს. სად მუშტი, რომელსაც დამიზნებულად ურტყამს მამაკაცი მიწაზე წაქცეულ პოლიციელს და სად მზიას სილის გარტყმა?!
თან, ეს ფოტო არ ასახავს, მანამ რა მოხდა, როგორ წაიქცა ის პოლიციელი. ალბათ ეს ერთადერთი მუშტი არ არის, რომელიც მას მოხვდა. იმიტომ, რომ მამაკაცი, პოლიციელი რომ მიწაზე ამ პოზაში აღმოჩნდეს, მის წინააღმდეგ რაღაც ძალადობრივი ქმედება უნდა განხორციელდეს დარტყმის ან ბიძგების სახით, ხომ?! ამიტომ, განსხვავება მნიშვნელოვანია და დაზიანებაც, დარწმუნებული ვარ, იქნება მნიშვნელოვნად განსხვავებული“, – ამბობს ლია მუხაშავრია „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.
იგი ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დადასტურდება, შსს-ის გაუჭირდება ამ გადაწყვეტილების აღსრულება.
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, უნდა ვიგულისხმოთ, რომ დამთავრდება, ან უკვე დამთავრდა ჯარიმით. მე მაინტერესებს, როგორ გადაახდევინებენ იმ ადამიანებს ჯარიმას, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. დროებით არშემოშვება არ არის სასჯელი მათთვის.
საერთოდ ცნობილია, რომ ინგლისელი, გერმანელი გულშემატკივრები არიან ხოლმე ასე, მაგრამ იქ არ ხდება, რომ ისინი პოლიციელს ერჩიან, ან პოლიციელების მიმართ ძალადობას ახორციელებენ. პოლიციელის მიმართ ძალადობის ყოველი ფაქტი ცალკე კვალიფიცირდება და ცალკე სასჯელი არის ამისთვის“, – ამბობს ლია მუხაშავრია.
თამაზ თამაზაშვილმა თქვა, რომ შესაძლოა, „ბეშიქთაშის“ დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ გულშემატკივრებს გარკვეული პერიოდით შეეზღუდოთ ქვეყანაში შემოსვლა. შალვა შავგულიძე ფიქრობს, რომ „ეს არის თავის მართლება ქართული საზოგადოების წინაშე“.
რაც შეეხება პარალელს მზია ამაღლობელის საქმესთან, შალვა შავგულიძე განმარტავს, რატომ არის სამართლებრივად არასწორი თამაზ თამაზაშვილის შეფასება.
„სამართლებრივად არასწორად თქვა ბატონმა მინისტრმა, ბატონმა თამაზაშვილმა – მზია ამაღლობელმა, ზოგადად, პოლიციას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ამ შემთხვევაში, აღელვებული გულშემატკივარი უნდა გავითვალისწინოთო.
მზია ამაღლობელმა კონკრეტულად ირაკლი დგებუაძეს მიაყენა შეურაცხყოფა, რომელიც მის მიმართ და ასევე სხვა იქ დაკავებულების მიმართ და აქციაში მონაწილეების მიმართ იქცეოდა არასათანადოდ. არა ისე, როგორც პოლიციელს ეკადრებოდა და როგორც საერთოდ, ნორმალურ ადამიანს ეკადრება. მზია ამაღლობელის რეაგირებაც იყო სწორედ კონკრეტულად, პერსონალურად მისი შეურაცხმყოფელი ადამიანზე პასუხის გაცემა, რომელიც იმავდროულად იყო პოლიციელი.
რაც შეეხება იმ გამართლებას, რომ იქ აღელვებული გულშემატკივარია, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ჩვენ ნამდვილად ვნახეთ ორგანიზებული ძალადობა პოლიციის მიმართ ბეშიქთაშის გულშემატკივრის მხრიდან. ჩვენ ვნახეთ კადრები – ვნახეთ წაქცეულ პოლიციელს ზემოდან როგორ ურტყამს მუშტს გულშემატკივარი და ა.შ. ანუ, თავდასხმა პოლიციელზე არის აშკარა. როდესაც არის ესეთი ფაქტი, სამართლებრივი რეაგირება უნდა იყოს აბსოლუტური და სწორი.
მე მტკიცებულებებს არ ვიცნობ, მაგრამ, რაც იქიდან გამომდინარე, რაც ჩანდა თვალსაჩინოდ, ალბათ უფრო სისხლის სამართლის ქმედებასთან გვქონდა საქმე. ადმინისტრაციულიც რომ ყოფილიყო, ასე, რამდენიმე საათში ამ ადამიანების გათავისუფლება, ყოველგვარი სამართლებრივი რეაგირების გარეშე, არის, უბრალოდ, შეურაცხმყოფელი ქვეყნისთვის. ეს არ შეიძლება“, – ამბობს შალვა შავგულიძე.
„გამოდის, რომ ორივე შემთხვევაში მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით წარიმართა?“ – ვკითხეთ უფლებადამცველს.
შალვა შავგულიძე ამბობს, რომ როცა დანაშაულს მეზობელი ქვეყნის მოქალაქე ჩადის, შესაძლებელია საკითხი პოლიტიკური მიზანშეწონილობითაც გადაწყდეს, თუმცა მხოლოდ სწორი სამართლებრივი რეაგირების შემდეგ.
„პოლიტიკური მიზანშეწონილობით რაღაც გადაწყვეტილებები შეიძლება იქნეს მიღებული, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამართლებრივი სრულფასოვანი, სწორი რეაგირება მოხდება. როცა იმ ადამიანს დაეკისრება ის სასჯელი, რაც უნდა დაჰკისრებოდა მისი ქმედებისათვის, შემდეგ შეიძლება სახელმწიფოთა შორის გარკვეული კომუნიკაციის საფუძველზე, დაზარალებული პირის მიერ თავის პოზიციის გამოხატვის გათვალისწინებით, გარკვეული დათმობა. მაგრამ, არა ისე, რომ რამდენიმე საათითაც კი ვერ დააკავო ადამიანი, ვიღაცები გირეკავენ თურქეთიდან და შემდეგ გააცილო საზღვარზე.
პრობლემა ის არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ არ დაიცვა სუვერენიტეტი. ის, რისი დაცვის საბაბითაც ჩადიან ათას უკანონობას. კიდევ ერთხელ – სუვერენიტეტი ნიშნავს შენი იურისდიქციის სრულფასოვან განხორციელებას შენ ტერიტორიაზე. ამათ არ დაიცვეს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრის შემთხვევაში, რომელმაც გადააბიჯა ქართულ კანონს, დაარღვია ის და პოლიციელს სცემა.
ეს ნიშნავს, რომ შენ ხარ ის ხელისუფლება, რომელსაც რეალურად, არ შეგიძლია სუვერენიტეტის დაცვა და უბრალოდ, ამ ფრაზით სპეკულირებ და ამართლებ საკუთარი ხალხის მიმართ აგრესიულ ქმედებებს. სამწუხაროდ, ასეთი ხელისუფლება გვყავს დღეს“, – ამბობს შალვა შავგულიძე.
ის ფიქრობს, რომ არსებული პრაქტიკისა და რისკების გათვალისწინებით, ეს მატჩი საქართველოში საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო, ან მინიმუმ, ჩატარებულიყო გულშემატკივრების სტადიონზე დასწრების გარეშე.
რა ხდება?
26 ნოემბერს, ბათუმში გაიმართა ევროპის ლიგის მატჩი, სადაც ერთმანეთს თურქული საფეხბურთო კლუბი „ბეშიქთაში“ და ისრაელური „ჰაპოელ ბეერ შევა“ შეხვდნენ.
მატჩი დაწყებიდან მალევე, 25-ე წუთზე თამაში შეწყდა ტრიბუნებზე მომხდარი დაპირისპირების გამო. თუმცა, დაძაბულობა საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე დაიწყო ჯერ კიდევ ბათუმის ქუჩებში. როგორც ქართულ, ისე თურქულ მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირების კადრები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 პოლიციელი, რის გამოც პოლიციამ 16 პირი დააკავა, თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ ყველა მათგანი გაათავისუფლეს.
ამავე თემაზე:
