ახალი ამბები

ყოფილი ფეხბრთელისა და ზარქუას სიძის კომპანიამ 20-მილიონიანი ტენდერი მოიგო

22 მარტი, 2023 • 2232
ყოფილი ფეხბრთელისა და ზარქუას სიძის კომპანიამ 20-მილიონიანი ტენდერი მოიგო

ირაკლი ზარქუას სიძისა და ყოფილი ფეხბურთელის, ალექსანდრე ამისულაშვილის კომპანია შპს „ლაგი კაპიტალი“ 20-მილიონიან ტენდერს შეასრულებს. კიდევ ორი ტენდერი, რომელშიც ერთადერთი მონაწილე სწორედ მისი კომპანიაა, შეფასების ეტაპზეა.

შპს „ლაგი კაპიტალის“ ყველაზე დიდ, 50%-იან წილს ფლობს კომპანია შპს „ჯე5“. ამ უკანასკნელის ერთპიროვნული მესაკუთრე კი ამისულაშვილია, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

ტენდერი, რომელშიც „ლაგი კაპიტალმა“ უკვე გაიმარჯვა, ეხება შიდა ქართლში 4 სკოლის შენობების პროექტირება/მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვას. ეს სკოლებია: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლა (დაწყებითები)  – 120 მოსწავლეზე; ქალაქ ხაშურის 4 საჯარო სკოლა – 500 მოსწავლეზე; დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლა (ბეღლითის კორპუსი) – 30 მოსწავლეზე და ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლა – 120 მოსწავლეზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 22 მლნ ლარით განისაზღვრა, ხოლო შპს „ლაგი კაპიტალის“ შეთავაზება 20 614 000 ლარია. ეს კომპანია ერთადერთი იყო, რომელიც ტენდერში მონაწილეობდა. შემსყიდველი არის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.

მოგებული ტენდერის გარდა, შპს „ლაგი კაპიტალი“ კიდევ ორ ტენდერში მონაწილეობს. ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საბავშვო ბაღის მშენებლობას ეხება და მისი სავარაუდო ღირებულება 5 164 986 ლარია. მეორე ტენდერი ასევე ფონდის მიერაა გამოცხადებული და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საბავშვო ბაღების მშენებლობას ეხება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აქაც 5 164 986 ლარია და ერთადერთი პრეტენდენტი კვლავ ამისულაშვილის კომპანიაა.

ტენდერების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველმა“ გაავრცელა. ამავე ტელეკომპანიასთან საუბარში  საუბარში ამისულაშვილმა კატეგორიულად უარყო, რომ ზარქუას რაიმე გავლენა ჰქონდა ტენდერზე.

„რა შუაშია ჩემი სიძე? ყველაფერი იყო გამჭვირვალე“, — თქვა მან მოკლე კომენტარში.

გარდა ზარქუას სიძობისა, ამისულაშვილს ახლო ურთიერთობა აკავშირებს თბილისის მერთან, კახა კალაძესთან.

კახა კალაძე და ალექსანდრე ამისულაშვილი. წყარო: Primetime

მასალების გადაბეჭდვის წესი