ხვალ, 2 ივლისს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UNHRC) 62-ე სესიაზე საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს მოისმენენ.

როგორც დღის წესრიგშია აღნიშნული, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს საქართველოზე ანგარიშის წარდგენა გასული წლის ოქტომბერში დაევალა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მიღებული რეზოლუციით.

საქართველოზე ანგარიშს წარადგენს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) გლობალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი, მაარიტ კოჰონენ შერიფი.

ანგარიში მიმოიხილავს 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გაწეულ ტექნიკურ დახმარებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის გაძლიერებას. ანგარიშში ხაზგასმულია აღნიშნულ პერიოდში ადამიანის უფლებათა კუთხით განვითარებული მოვლენები და ის გამოწვევები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს. მასში ასევე მოცემულია განახლებული ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ძირითადი საკითხების შესახებ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მომიჯნავე რაიონებში.

„ანგარიშის მომზადების პროცესში, 2025 წლის ოქტომბრის რეზოლუციის შესაბამისად, OHCHR-მა გამოაქვეყნა საჯარო მოწოდება წერილობითი მოსაზრებების წარდგენის შესახებ, რათა საქართველოს მთავრობისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარისგან მიეღო ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედებოდა უმაღლესი კომისრის ზეპირ განახლებულ ინფორმაციასა და ანგარიშს.

წინამდებარე ანგარიში ეყრდნობა ამ მოწოდების ფარგლებში მიღებულ მასალებს. ეს მოიცავს საქართველოს მთავრობის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ანგარიში ასევე ეყრდნობა სანდო და საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტებში არსებულ ინფორმაციას. OHCHR კვლავაც იჩენდა სათანადო გულმოდგინებას, რათა შეზღუდული რესურსებისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე წვდომის მუდმივი არარსებობის პირობებში, შეძლებისდაგვარად გადაემოწმებინა მიღებული ინფორმაციის უტყუარობა. შესაბამისად, წინამდებარე ანგარიში, OHCHR-ის მიერ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ ძირითად საკითხებსა და განვითარებულ მოვლენებს, თუმცა არ ისახავს მიზნად ადამიანის უფლებათა ყველა პრობლემის ამომწურავად ასახვას“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც ხვალ წარადგენენ.

ანგარიშის თანახმად, OHCHR რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას, შემოიღოს კონკრეტული ზომები მშვიდობიანი შეკრების უფლების დასაცავად და ხელშესაწყობად და რეაგირება მოახდინოს ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების შესახებ იმ ბრალდებებზე, რომლებიც ასახულია OHCHR-ის ანგარიშში (რომელიც მოიცავს პერიოდს 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე), განსაკუთრებით მათზე, რომლებიც საჯარო პროტესტის კონტექსტში მოხდა, მათ შორის, დემონსტრანტების თვითნებურ დაკავებებსა და ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალის არასაჭირო ან არაპროპორციულ გამოყენებაზე.

OHCHR ასევე მოუწოდებს მთავრობას, რომ აწარმოოს აღნიშნული ბრალდებების სწრაფი, დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიება, უზრუნველყოს პასუხისმგებლობის დაკისრება და სრულფასოვანი სამართლებრივი პროცედურების, სამართლიანი სასამართლოს გარანტიებისა და სასამართლო გადასინჯვის შესაძლებლობის გარანტირება.

გარდა ამისა, OHCHR რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას:

  •  გადახედოს 2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში, „გრანტების შესახებ“ კანონში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი სრული შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან, კერძოდ, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19, მე-20 და 21-ე მუხლებთან, და უზრუნველყოს ყველა საკანონმდებლო პროცესის წარმართვა სრული გამჭვირვალობისა და საზოგადოების აზრიანი მონაწილეობის პრინციპების დაცვით;
  • გააძლიეროს ძალისხმევა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას პოლიტიკურ წარმომადგენლობაში საქართველოში, მათ შორის, 2025 წელს მიღებული გენდერული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვის გზით;
  • აღადგინოს ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმის უზრუნველყოფით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების მიერ უცხოური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობაზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა მკაცრად შემოიფარგლებოდეს მხოლოდ იმით, რაც აუცილებელი და პროპორციულია და შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს.

გარდა საქართველოზე ანგარიშის მოსმენისა, დღეს, პირველ ივლისს, პარტია „დროას“ წევრი, მარიკა მიქიაშვილი, დაესწრება სესიის ფარგლებში ღონისძიებას Liberal International-ის მომხსენებლის სტატუსით, სადაც მოკლე ზეპირი მოხსენებით გამოვა საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობის შესახებ.