საპროცესო გაუფორმდება 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ კიდევ 8 პირს. ესენი არიან: გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, ავთანდილ სურმანიძე და თემურ ქურციკიძე.

პროკურორმა ლაშა ცხვიტარიამ მოითხოვა მათი ცალკე საქმის გამოყოფა იმ ბრალდებულების საქმისგან, რომლებიც საპროცესოზე უარს ამბობენ, ან რომლებთანაც შეთანხმება ვერ მოხერხდა. პროკურორმა მათ ბრალის აღიარების სანაცვლოდ 3-წლიანი პირობითი მსჯავრი შესთავაზა.

მათგანს შვიდს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 2 სხვადასხვა მუხლით:

  1. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
  2. სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად (19-222 მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით).

რაც შეეხება მერვეს, ავთანდილ სურმანიძეს, პროკურატურა მას მხოლოდ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

ამ ჯგუფში 12 ბრალდებულია. იმ 4 ბრალდებულის საქმე, ვისაც საპროცესო არ გაუფორმეს, ან თავად თქვეს უარი ამაზე, ცალკე გამოიყო და მასზე სასამართლო განხილვა გაგრძელდება. ეს ბრალდებულები არიან: აბო ნავერიანი, ნანა სანდერი, მარიამ მეყანწიშვილი და ანტონ უპერი. ეს უკანასკნელი იძებნება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

საპროცესო გაუფორმდებათ და, სავარაუდოდ, დღესვე გათავისუფლდებიან 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული შემდეგი პირები: ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია.

გუშინ, 8 ივნისის სხდომაზე საპროცესოს გაფორმებაზე შეთანხმდნენ შემდეგი ბრალდებულები: ხვიჩა გოგოხია, გიორგი ქორქია, ლევან ჯიქია, გიორგი რურუა, ლაშა ივანაძე და სერგო მეგრელიშვილი. ისინი მას შემდეგ გათავისუფლდებიან, რაც სასამართლო შეთანხმებას დაამტკიცებს.

4 ოქტომბრის საქმეზე 64 ადამიანს წარუდგინეს ბრალი. მათგან 2 მიმალვაშია – ანტონ უპერის გარდა გამოძიება ეძებს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს.  64-პირიანი საქმე 5 ჯგუფად იყო გაყოფილი. 5-დან ერთი ჯგუფის წევრების განაჩენი 7 მაისს გამოცხადდა. ამ ჯგუფს ე.წ. ორგანიზატორების ჯგუფად მოიხსენიებდნენ, რადგან 10 ბრალდებულიდან 5-ს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშას ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს – ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლი ჰქონდა შეფარდებული. თითოეულ მათგანს 7-7- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამავე ჯგუფში შედის ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელსაც დაუსწრებლად შეუფარდეს 2 წელი, ხოლო ირაკლი ჩხვირკიას, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს და გური ჟვანიას 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

რას ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეზე 10-პირიანი საქმეზე მსჯავდებულებს:

  • პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს ედავებიან: 1) სტრატეგიული ობიექტის [ორბელიანების სასახლე] ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად; 2) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას; 3) სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
  • ლაშა ბერიძეს ედავებიან: 1) ობიექტის [ორბელიანების სასახლე] ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად; 2) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
  • პაატა მანჯგალაძეს — ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს — სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
  • თორნიკე მჭედლიშვილს, ირაკლი ჩხვირკიასა და ნიკა გვენცაძეს — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას.
  • გური ჟვანიას — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

ამავე თემაზე: