4 ოქტომბრის საქმეებიდან ე.წ. ორგანიზატორების საქმის განხილვა, სადაც ბრალდებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, დასრულების ეტაპზეა.

დღეს, 7 მაისს, შესაძლოა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განაჩენიც გამოაცხადოს. ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს ამბობენ. მათ შორის პირველი პაატა ბურჭულაძე იყო.

პაატა ბურჭულაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში:

„ბატონებო!

ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის, რომ იმართლოს თავი. მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და მიმაჩნია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. როგორ გგონიათ, ბატონო მოსამართლევ, მე რომ მნდომებოდა, ვერ გავხდებოდი ოცნების პარლამენტის წევრი და ვერ დავიკავებდი დიდ თანამდებობას?!

ეს „ოცნების“ წევრები ჩანასახშიც არ იყვნენ, როდესაც ბატონი ივანიშვილი სხვადასხვა ხერხებით მთხოვდა, ცდილობდა, მასთან ერთად ჩავრთულიყავი პოლიტიკაში. მაგრამ მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოსთვის არის დამღუპველი და ის, რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ.

ამ ორმა დიდმა, „სამართლიანმა“ პროკურორმა ერთი სიტყვაც არ ახსენა იმის თაობაზე, თუ რისთვის შეიკრიბა ხალხი 4 ოქტომბერს. მათ ვერ შეამჩნიეს საქართველოს ეროვნული კრება და მისი დეკლარაცია, რასაც ერთხმად ხმა მისცა ასობით ათასმა ადამიანმა. მაგრამ მათ შეამჩნიეს არავისთვის საჭირო, მორყეული ღობის დაშლა და შვიდი თვის განმავლობაში ამის დაბრალებაც ვერ შეძლეს მოქალაქეებზე, რადგან ნოდარ მელაძემ და მისმა გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა ეს ამბავიც გაუქარწყლა მათ.

რაც შემეხება მე,  ე.წ. 7-თვიანი გამოძიების შემდეგ:

1) 7 თვეა ამ ორმა „პატიოსანმა“ პროკურორმა ქნა ის, რომ სრულიად მომწყვიტა ჩემს ოჯახს. ერთხელაც არ მისაუბრია ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან; მეგობრებზე უკვე არაფერს ვამბობ.

2) ამ პერიოდში ჩემი თვალით ვნახე ცრუმოწმე პოლიციელები, რომლებიც წინათ მარტო ტელევიზიით მენახა, და დავრწმუნდი მათ საცოდაობაში.

3) გავიცანი და დავმეგობრდი საქართველოს პატრიოტ მოქალაქეებთან, რომლებიც ვერ გატეხა მოღალატე რეჟიმმა.

4) დავრწმუნდი იმაში, რომ ეს პროტესტი არ ჩაქრება. თავისუფლების და დამოუკიდებლობისმოყვარე ქართველი ხალხი არ დანებდება და აუცილებლად გაიმარჯვებს.

5) ჩემდა უნებურად, აღმოვაჩინე, თუ რა ტიპის პროკურორი იძიებს ჩემს საქმეს და ყველაფერი ნათელი გახდა. აქაც მადლობა ბატონ ნოდარ მელაძეს. [გულისხმობს პროკურორ თამარ ბეჟუაშვილს და ტვ პირველის სიუჟეტს მასზე.]

ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვაკეთებდი იმას, რაც იმ მომენტში სჭირდებოდა ჩემს სამშობლოს: სახელოვნებო კარიერას, ქველმოქმედებას, ტაძრის მშენებლობას და პოლიტიკასაც კი. უკვე 2016 წლის არჩევნებზე შევქმენი პარტია და ვეცადე ქართველი ხალხისთვის მემცნო და ამეხსნა, თუ რა დიდი საშიშროება მოდიოდა ქართული ოცნების სახით. სამწუხაროდ, ეს ბოლო კარგად ვერ შევძელი. რეზულტატიც სახეზეა, თუ რა ტემპით დეგრადირებს ჩვენი ქვეყანა. 

რაც შეეხება დღევანდელობას — ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში. ორივე ბრძოლის ფრონტია ამ მოღალატეების წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ცნობადი სახეები, როგორც არ უნდა შეძლებულად ვცხოვრობდეთ, უნდა ვიყოთ წინა პლანზე და მაგალითი სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში; ნათელი უნდა გავხადოთ ხალხის სურვილი, ხოლო პოლიტიკოსებმა უნდა აღასრულონ ხალხის ნება.

ბატონო მოსამართლევ, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორმა „დიდად პატივცემულმა“ პროკურორმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის სახით ხელის მოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მე საფრთხე ვარ მათი კარგად აწყობილი ცხოვრებისთვის და იციან, რომ თქვენც ასე ფიქრობთ. იცოდეთ და დაიმახსოვრეთ — მე რა მომივა, იმას მნიშვნელობა არ აქვს. საქართველო არასდროს არ დანებდება და თქვენ ყველანი აუცილებლად აგებთ პასუხს ხალხის წინაშე.

ხალხი ბრძენია და პატრიოტი. ის სახელმწიფო მოღალატეების ბრბო, რომელიც დღეს მოაჯდა ხელისუფლებას, როგორც  საშინელი სიზმარი, მალე გაქრება და გამოიდარებს მთელ საქართველოში!“