სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ერევნის საქალაქო სამმართველოს მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ფართომასშტაბიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა ერთ-ერთი პირის ვინაობა, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მომზადებაში მონაწილეობდა.
გამოძიების ინფორმაციით, ჩატარდა მრავალი ჩხრეკა და დაახლოებით ორი ათეული დაკითხვა, რის შედეგადაც მოპოვებულია მონაცემები, რომ 2024 წლიდან უცხო სახელმწიფოში მცხოვრები მ. მ. სულ მცირე ოთხი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო და პოლიტიკური საქმიანობის გამო, მისი მკვლელობის განზრახვით მოქმედებდა.
“საქმის მასალების მიხედვით, ჯგუფმა შეიძინა ნიღბები და ტანსაცმელი იდენტობის დასამალად, ასევე შეაგროვა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ადგილსამყოფლისა და წინასაარჩევნო კამპანიის მარშრუტების შესახებ, რითაც მკვლელობის მომზადება განახორციელა. მოგვიანებით კი ჩაიწერა და გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელიც პრემიერ-მინისტრს ემუქრებოდა”.
ოფიციალური ცნობითვე, მ. მ.-ს ბრალად ედება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის პუნქტებით გათვალისწინებული – ჯგუფურად მკვლელობის მომზადება სახელმწიფო ან პოლიტიკური საქმიანობის გამო, ასევე სააგიტაციო საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
“მის მიმართ გამოცემულია დაკავების ორდერი”.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციითვე, უწყება ასევე იძიებს საქმეს იმ ვიდეორგოლთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ მუქარასა და შეურაცხყოფას შეიცავდა. უწყების ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის მომზადების, კომპიუტერული საბოტაჟისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვის ფაქტებზე.
18 მაისს ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ნიღბიანი და შეიარაღებული პირები ნიკოლ ფაშინიანს ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.
