მედია-კავშირი “ობიექტივი” განმარტავს, რომ გულბაათ რცხილაძე მათი თანამშრომელი არ არის. ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რცხილაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.

“ობიექტივში” განმარტავენ, რომ რცხილაძეს დამოუკიდებელი წამყვანის თანამშრომლობდა ტელევიზიასთან. საუბარია გადაცემაზე “მსოფლიო პოლიტიკა და საქართველო”. გადაცემის ბოლო ეპიზოდი “ობიექტივის” ეთერში რცხილაძის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, 29 მაისს გავიდა.

ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ “ობიექტივის” განცხადებას”

“ობიექტივი” წლებია აშენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელს, რომელიც უნდა აეშენებინა საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ ეს არ გააკეთა. ჟურნალისტებს, ექსპერტებს, ადვოკატებს, ახალგაზრდულ მოძრაობებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ გაუძღვნენ გადაცემებს “ობიექტივის” ეთერში, დამოუკიდებელი წამყვანების სტატუსით, ყოველგვარი ცენზურის გარეშე. ამ პრინციპით “ობიექტივი” ხელმძღვანელობს ათწლეულებია და მაყურებელს აქვს საშუალება, – ეთერში მოისმინოს მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები.

გულბაათ რცხილაძეს სწორედ დამოუკიდებელი წამყვანის სტატუსით მიჰყავდა გადაცემა “ობიექტივის” არხზე. ის არ გახლავთ “ობიექტივის” წევრი ან თანამშრომელი. გულბაათ რცხილაძე წარმოადგენს არასამთავრობო სექტორს, ის მონაწილეობდა და თავადაც მართავდა საჯარო კონფერენციებს, ბრიფინგებსა და ღონისძიებებს, აქტიურობდა საჯარო სივრცეში, რაც, ჩვენი აზრით, ნაკლებადაა თავსებადი ჯაშუშობასთან და საიდუმლო საქმიანობასთან.

ასევე, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ გულბაათ რცხილაძეს ხელი მიუწვდებოდა რაიმე საიდუმლო ინფორმაციაზე; და თუ დავუშვებთ, რომ ასეთ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა, უნდა დავასკვნათ, რომ მასზე მუშაობდნენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რაც ასევე დაუჯერებელია. სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში ამოიკითხავთ, რომ (მაგალითად) რუსეთის ჯაშუში საჯაროდ უნდა ლანძღავდეს რუსეთს და აქებდეს საქართველოს ხელისუფლებას. ამ ყოველივეს არანაირად არ ესადაგება გულბაათ რცხილაძე, რომელიც საჯაროდ აქებდა რუსეთს და ღიად უპირისპირდებოდა საქართველოს ხელისუფლებას”, – წერია განცხადებაში.

დღეს, 30 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია გულბაათ რცხილაძის დაკავების შესახებ. უწყების ინფორმაციით, ის “ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას”. სუს-ში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგი განაცხადა, რომ რცხილაძეს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან ჰქონდა “მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები”.

გულბაათ რცხილაძის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდა რამდენიმე საათში სუს-ში კიდევ ერთი ბრიფინგი გაიმართა. ლაშა მაღრაძემ ამერად ირაკლი ჩიხლაძის დაკავების შესახებ გვამცნო – რცხილაძის მსგავსაც მასაც ჯაშუშ`ბას ედავებიან.

“გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათს ინფორმაციის მოპოვებას და გადაცემას”, – განაცხადა მაღრაძემ ჩიხლაძის შესახებ.

გულბაათ რცხილაძესა და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი წარდგენილ აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.