ნიკა მელია ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს, მას ტყუილში, ეჭვიანობაში, მხოლოდ პირადი ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებს და პასუხობს სააკაშვილის 27 მაისით დათარიღებულ პოსტს ფეისბუკზე, სადაც სააკაშვილი მელიას შესახებ ლაპარაკობს.
„ტყუილის თქმას მხოლოდ ის ბედავს, ვინც სიმართლე იცის, ასეა სააკაშვილის საქმეც.
სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს, თუმცა, მაინც, იქნებ სიმართლის თქმის ძალა მოიკრიბოს და თავად ალაპარაკდეს მის მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებზე და ადამიანურ სისუსტეებზე, რაც მან მთელი 2022 წლის განმავლობაში დაუშვა და გამოავლინა.
როცა შეცდომებსა და ადამიანურ სისუსტეს ვახსენებ, რეალურად მის მიერ გადადგმულ უმძიმეს მორალურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს ვგულისხმობ“, — წერს მელია და მოუწოდებს სააკაშვილს, ღიად ისაუბროს ადამიანზე, ვის გვარ-სახელსაც სააკაშვილი არ ამბობს, მაგრამ, მელიას თქმით, სააკაშვილი მასთან თანამშრომლობდა 2022 წელს.
მელიას წერილი პასუხია სააკაშვილის გამოქვეყნებულ წერილზე, რომელიც მის სოციალურ ქსელში 27 მაისს გავრცელდა, 26 მაისის საპროტესტო აქციის შემდეგ, და თავის მხრივ გაგრძელებაა 21 მაისს სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებისა.
კერძოდ, სააკაშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ მას უღალატეს, მის გარემოცვაში იყო რუსეთის აგენტურა და ადამიანმა, რომელიც მუდმივად ეუბნებოდა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო, შემდეგ, 2020 წელს მისი „კოორდინატები გადასცა ივანიშვილის ხელისუფლებას“, რის შემდეგაც უკან გაბრუნება მოუწია. „ბოლოს, როდესაც ჩამოვედი, აქ უნდა დამხვედროდა და არათუ არ დამხვდა, არამედ 2 საათში ჩემი მონაცემები გადასცა“, — განაცხადა სასამართლოში სააკაშვილმა.
27 მაისს კი სააკაშვილმა დაწერა, რომ მისი ამ განცხადების შემდეგ ვიღაცებმა ეჭვი მელიაზე მიიტანეს, თუმცა ის არაფერ შუაშია და მელიასთან სააკაშვილს სხვა პრეტენზია აქვს.
„მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან გუშინდელ აქციაზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, არადა, თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე. ასე რომ, შევეშვათ ერთმანეთზე ეჭვიანობას და რაც შეეხება იმ კაცს, ვინც მე ვიგულისხმე, იმას უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს“, — წერს სააკაშვილი 27 მაისს, რასაც მელია თავის წერილში პასუხობს.
მელია წერს, რომ ის კაცი, ვისაც სააკაშვილი არ ასახელებს, სააკაშვილთან მთელი 2022 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.
„რატომ იყო “ის კაცი” მისი მოციქული ხელისუფლებასთან 2022 წელს?! ანუ მისი ვივამედში ყოფნის დროსაც! ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და 2022 წლის ბოლოს რაში გადააგდეს სააკაშვილი!
ამ ძალიან მძიმე დეტალებს ფართო საზოგადოება მაინც შეიტყობს, თანაც კონკრეტული ფაქტებით, და აჯობებს თავად დაასახელოს ის კაციც და მისი პარტნიორებიც.
სააკაშვილი “იმ კაცს” საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც მრავალი თვე აქტიურად ეკონტაქტებოდა, “ის კაცი” იყო სააკაშვილის კომუნიკატორი ხელისუფლებასთან.
სააკაშვილის გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო მისი მხრიდან მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი,მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო დღეს ძალიან აწუხებს.
მას აქვს მისი იმ მძიმე ისტორიის გახმაურების კომპლექსი და შიში. ადამიანს შიში აიძულებს იცრუოს. აი, ამიტომაც იქცევა იმდენად უზნეოდ და არაადეკვატურად, რომ შეიძლება ეშმაკმაც კი ფეხი მოიტეხოს.
სააკაშვილს 2021-2022 წლების უმძიმესი მორალური, ზნეობრივი და პოლიტიკური წარსული გუდა-ნაბადივით მაშინაც ზურგზე ჰკიდია, როცა მის არსებობას ვეღარც კი ამჩნევს.
სააკაშვილს უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატე, რომელსაც არ ასახელებს!
სააკაშვილისგან განსხვავებით, საკუთარი სიტყვის ფასი ვიცი და კვირაში შვიდჯერ პოზიციასა და აზრს არ ვიცვლი. აკი ვთქვი წინა წერილში, თუ შხამის ფრქვევას გააგრძელებდა, პასუხგაუცემელი აღარ დარჩებოდა.
ხუთი წელია საჯაროდ ამ საკითხზე არ ვსაუბრობდი. ის ვივამედში იყო, მე მაშინ უკვე თავისუფლებაზე და ჩემს თავს საამისო მორალური უფლება არასდროს მივეცი. არადა, ის ჩემს ადგილზე ასჯერ მოჰყვებოდა.
თუმცა კი, როცა ახლა ერთი პატიმარი მეორეს, თითქოს წინასწარ გაწერილი გრაფიკის სიზუსტით, თვეში ერთხელ ტალახს ესვრის და ამით ვხედავ მისი სულის გამოაშკარავებულ სიღატაკეს, ჩემი დუმილი მართებული აღარ არის. ხელს ვეღარ შევუწყობ მისი კომპლექსების მისსავე ყალბ ბრალდებებში შეფუთვის მცდელობას, რითაც ყოველ ჯერზე რეჟიმის წისქვილზე ასხამს წყალს.
ჩემთვის ცნობილია, რომ იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, ისიც გასაგებია, რომ მუდმივად ეჭვით შეფორიაქებულია და მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული, მაგრამ ზედმეტი აღარ იქნება შევნიშნო, რომ როცა მეორე ადამიანის ღირსება და პატივი ილახება და ცილისმწამებელი ცდილობს ეს მისი ქცევა ისე გაიგემრიელოს, რომ სტაბილურ მოვლენად აქციოს, რა თქმა უნდა, მის ამ გატაცებას მძიმე ბოლო ელოდება.
ჰოდა, ვამჟღავნებ ამ წერილში ჩემს საიდუმლოდ ნალოლიავებ პოზიციას, რითაც იხსნება მისი ბოღმის შადრევნის ამოხეთქვები. რას ვიზამთ, მან კვლავაც ძალიან უადგილო ადგილას ჩაიწყვიტა თოკი.
ვახსენე 2021-2022 წლები. რაც შეეხება უშუალოდ მის ჩამოსვლას ადგილობრივი არჩევნების წინ: ის საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა ჩამოსულიყო.
პლუს, სააკაშვილს “ის კაციც” და სხვებიც ეუბნებოდნენ, თუ ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში, მელია მას პარტიას წაართმევდა. თუმცა ის ამ ფობიით უკვე ისედაც შეპყრობილი იყო…
ამას დაემატა მაშინდელი, დღემდე უპრეცედენტო ოპოზიციური ერთობა, რამაც მისი ეჭვიანობა საშინლად გააძლიერა.
დაინახა ისიც, რომ პარტიას მსხვილი დონორი გაუჩნდა, რაც მე საზოგადოებას არ დავუმალე და, ბუნებრივია, მანაც გაიგო.
მისი წვლილი იმ უმაგალითო ოპოზიციურ ერთობასა და 2021 წლის საარჩევნო კამპანიის ფინანსურ უზრუნველყოფაში იყო ნულოვანი და ამის ფონზე მისმა ეჭვიანობამ პიკს მიაღწია და შედეგად ჩაიდინა „სალტო მორტალე“, რითაც საკუთარ თავს ის დამართა, რაც დამართა და უნიკალური, ძალიან პერსპექტიული პოლიტიკური პროცესი ფერფლად გადაიქცა. ამის შემდეგ კი, ზემოთ უკვე ვახსენე, რა ფარული ნაბიჯებიც გადადგა, რასაც საზოგადოება აუცილებლად დეტალებში გაიგებს.
კიდევ ერთი, 2021 წელს [მაისი-ივნისში] დახურული სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა. ეს დაახლოებით ის პერიოდია, როცა მე და მამუკა ხაზარაძე თბილისის საერთო მერობის კანდიდატს ვეძებთ. მე უკვე ციხიდან გამოსული ვარ.
ბევრი ვეცადეთ, თუმცა დრო ძალიან ცოტა იყო და საინტერესო კანდიდატებთან შეთანხმებას ვეღარ ვასწრებდით. ამიტომ, ოპოზიცია ტაქტიკურად მეორე ტურებში მთლიანად გავერთიანდით და აქ მამუკას წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მამუკას და ჩემმა ასეთმა ურთიერთობამ და სვლებმა სააკაშვილი უფრო მეტად შეაშფოთა.
კვლევას რომ დავუბრუნდე. კვლევამ აჩვენა, რომ მაშინდელ ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა ძალიან ბევრი ახალი ამომრჩეველი, რომელთათვისაც ხმის მიცემის ფაქტორი სააკაშვილი არ იყო. მისი ფაქტორი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ პარტიის ამომრჩეველთა 52%-სთვის იყო მნიშვნელოვანი. ამ რეალობამ, ეჭვიანობის ნიადაგზე ის დამატებით მოშალა.
ვინ იცის, ჩემს თავს რამდენჯერ შევკამათებივარ, უნდა მეთქვა თუ არა თქვენთვის ეს ყველაფერი ბევრად ადრე, თუნდაც ამ მცირე დოზით. ან კი სწორი იყო, უსაფუძვლო ბრალდებებს რომ არ ვპასუხობდი?! ასეა თუ ისე, დღემდე თავს ვიკავებდი! ბევრი იქნება თქვენთან სასაუბრო და სათქმელი…
ძალიან მჯერა ქვეყნის წარმატების, იმ ხელისუფლების ხალხთან მარცხის, რომელმაც თავი აქცია საკუთარი ხალხის ჩაგვრის, როგორც აქტიურ [დაჭერები, ჯარიმები, ძალადობა], ისე პასიურ [გაღარიბება] ინსტრუმენტად!
მჯერა დაღონებულ-დაფიქრებული ხალხის თითქოს უსიცოცხლო თვალებში ნათელი სხივები ჩადგება და აქამდე განცდილი ყველა მარცხი ერთ დიდ, ძლიერ სტიმულად გადაიქცევა!
თუმცა, მოვალე ვარ ამ ხალხს გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ ცვლილება ვერასოდეს იქნება სიყალბე, ფლიდობა, ქვებუდანობა, ღალატი და ღალატის ღირსებად გასაღების მცდელობა.
საღ აზრს უნდა განვუდგე, რომ არ ვაღიარო: ამ ცხოვრებაში ყველაფერი გამოცდილებით ვიცით, ასე რომ, ვინც ზურგიდან დანის ჩარტყმაში გამოცდილი მყავს, იმ კაცთან ნურავინ მთხოვს ერთობაში ყოფნას, რამდენადაც ჩემთვის პატივცემული ადამიანებიც არ უნდა იყვნენ ამა თუ იმ პლატფორმაზე, გნებავთ დღეს და გნებავთ ხვალ.
სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია. ვიყო ივანიშვილის მტერი, არ ნიშნავს, რომ უნდა ვიყო სააკაშვილის პარტნიორი. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს!
დროებით და გამძლეობა ყველას!“ — წერს ნიკა მელია ციხიდან გავრცელებულ წერილში.
