გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორ ადამიანი ცნეს დამნაშავედ. დემეტრე ჩიქოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში, ხოლო ანი ნასყიდაშვილი- დანაშაულის შეუტყობინებლობაში. გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო.
რაც შეეხება სასჯელს, მათთვის სასჯელის განსაზღვრის სხდომა 2 ივნისსაა დანიშნული.
“2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ ცნო 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
გიგა ავალიანის მკლველობის საქმეზე პირველი განაჩენი 5 აპრილს გამოცხადდა. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ ცნო ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე. პროკურატურა მათ ედავებოდა ჯგუფურად, ჯანმრთლობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ასევე, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა. სამი დღის შემდეგ, 8 აპრილს მათ 14-14 წლით პატიმრობა მიესაჯათ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდადებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ.
მათთან ერთად დამნაშავედ ცნეს დემეტრე ჩიქოვანიც. თუმცა, არა ავალიანის, არამედ სხვა ძალადიბრივ საქმეზე. ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მას 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით კი, 6 წელსა და 9 თვემდე შეუმცირდა.
28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს 2025 წლის პირველ ოქტომბერს, სამსახურიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე თავს დაესხნენ. ის 24 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა.
გამოძიების თანახმად, დანაშაულის მოტივი ეჭვიანობა გახდა: ავალიანი მოსწავლეებს მათემატიკაში ამზადებდა. მისმა ერთ-ერთმა მოსწავლემ შეყვარებულს ავალიანის მხრიდან არასასურველი კომუნიკაციის შესახებ უთხრა. მან მეგობრებთან ერთად დაგეგმა ავალიანზე ძალადობა და პირველ ოქტომბერს ფიზიკურად გაუსწორდა. მოკლული მასწავლებლის ოჯახი ითხოვს, ბრალი წარედგინოს გიგა ავალიანის მოსწავლესაც – გოგონას, რომელმაც, ოჯახის ვერსიით, შეყვარებული ავალიანის წინააღმდეგ წააქეზა.
