პარტია “დროას” პრესსამსახურის ინფორმაციით, 1000 ლარით დააჯარიმეს მძღოლი, რომელმაც ოპოზიციის ალიანსის მიერ ორგანიზებულ აქციაზე დინამიკები მიიტანა. გარდა ამისა, მას 1 წლით ჩამოართვეს მართვის მოწმობა.

პოლიციამ მის წინააღმდეგ ოქმი შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, გზის გადაკეტვას, მაშინ, “როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული”.

“დროაში” ამბობენ, რომ მძღოლი არ არის ოპოზიციის ალიანსის წევრი და უბრალოდ დაიქირავეს ტექნიკის გადასატანად.

ინციდენტი მოხდა ნიკოლაძის ქუჩაზე, მას შემდეგ, რაც აქციაზე სიტყვით გამოსვლების შემდეგ ტექნიკა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პარტია “დროას” ოფისში გადაჰქონდათ. ოპოზიციის ალიანსის წევრის, ნიკა კვიტატიანის ინფორმაციით, მათ უკან გაჰყვა პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და გააჩერა. მისი თქმით, პოლიციელებს არ განუმარტავთ გაჩერების საფუძველი, მოგვიანებით კი სამართალდარღვევის ოქმი ჩააბარეს. კვიტატიანის ფეისბუქ-ლაივიში ჩანს, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ჯდება მანქანაში და იგი ახსნა-განმარტების გარეშე მიჰყავს.

მომხდარიდან მალევე ოპოზიციის ალიანსმა გაავრცელა განცხადება და საზოგადოებას მძღოლის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“ეს მანქანა მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ამიტომ ახლა განსაკუთრებით სჭირდება მხარდაჭერა. პრაქტიკულად, 1 წელი რჩება შემოსავლის გარეშე, რუსული რეჟიმის შურისძიების გამო. ერთად დავეხმაროთ, ვისაც გული შეგვტკივა. ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია! გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია.
ანგარიშის ნომრები:
  • საქართველოს ბანკი: #GE14BG0000000538601012
  • TBC: #GE02TB7486045068100026
    მიმღები: ნიკა ქვარცხავა”, – წერია ალიანსის განცხადებაში.

ოპოზიციის ალიანსის კიდევ ერთი მანქანა, ტექნიკასთან ერთად, პოლიციამ აქციის დაწყებამდეც გადაიყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე. ოპოზიციამ დაგეგმილ მსვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ტექნიკა რუსთაველის გამზიზრე მიიტანა, თუმცა პოლიციამ არ მისცა შესაძლებლობა, პარლამენტამდე მიეტანათ და დაემონტაჟებინათ. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, გოგა მემანიშვილის ინფორმაციით, ოპოზიციის ალიანსის მიერ შეტანილი პირველი განცხადება შსს-მ დაახარვეზა. ამის შემდეგ, გუშინ, 25 მაისს, ოპოზიციამ რედაქტირებული განცხადებით მმართა უწყებას. კანონის მიხედვით, შსს-ს განცხადების განსახილველად 5-დღიანი ვადა აქვს. გუშინ შეტანილი განცხადება უწყების იურისტებს ჯერ არ განუხილავთ. მემანიშვილმა თქვა, რომ, თუ პასუხი არ არის, ე.ი. არ არის ნებართვა, ამიტომ ტექნიკას პარლამენტთან ვერ შეიტანენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოქალაქეებმა 19:00 საათიდან დაიწყეს შეკრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კოპრუსთან, შემდეგ კი მსვლელობით გაემართნენ პარლამენტისკენ. მსვლელობისას მათ წინ მიუძღოდათ კიდევ ერთი მანქანა, რომელიც ტექნიკით – დინამიკებით და მიკროფოებით იყო დატვირთული. საბოლოოდ, აქციის ორგანიზატორებმა მოახერხეს სცენის კონსტრუქციის აწყობა და მოქალაქეებისთვის მიმართვა.