დღეს, 26 მაისს, დიდმა ბრიტანეთმა კიდევ ერთხელ გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია. ამჯერად სანქციები ეხება იმ ფინანსურ კომპანიებს, რომლებიც ეხმარებოდნენ რუსეთს აქამდე დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში. ბრიტანეთის ცნობით, დასანქცირებულია საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანიაც.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, სამივე ეს კომპანია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.
- შპს “არვიქს”
- შპს “რაპირა ჯგუფი”
- შპს “ეიაიფორი”
“ჩვენი სამიზნეა სამი ქართული კომპანია, რომლებიც რუსეთზე ორიენტირებულ სავალუტო ოპერაციებს ახორციელებენ და ცდილობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას”, – წერია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, გამოავლინეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი ქსელი, რომელიც ყირგიზეთის გავლით თანხებს რუსეთის ეკონომიკაში უშვებს, რასაც ეს უკანასკნელი უკრაინაში მიმდინარე ომისთვის იყენებს. კომპანიების გარდა სანქციები ეხება ფიზიკურ პირებსაც.
“არსებული სანქციების გამკაცრების გამო, სამართლებრივი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით, კრემლი უფრო და უფრო ხშირად მიმართავს ბნელ ქსელებსა და ჩრდილოვან ფინანსურ სისტემებს. დღევანდელი ქმედება [სანქციების სიის გაფართოება] აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთი უფრო სწრაფად და უფო წინ მიდის, რათა გაუსწროს რუსეთის [სანქციებთან] ადაპტირების პრაქტიკას”, – წერია განცხადებაში.
ბრიტანეთის სანქციები ძალაში შედის დაუყოვნებლივ – მათ შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისთანავე.
ბრიტანეთის სანქციებს გამოეხმაურა საქართველოს ეროვბული ბანკი. უწყების ინფორმაციით, “სასანქციო სიაში მითითებული სუბიექტები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს”.
“რეგისტრაციის გარეშე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთანავე, სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2025 წლის სექტემბერში მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ სტრუქტურებს და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და ზოგიერთ შემთხვევაში დამდგარია შესაბამისი პასუხისმგებლობაც”, – წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
