თბილისის მერია ოპოზიციის ალიანსს 26 მაისს რუსთაველზე დაგეგმილი აქციისათვის სცენის დადგმაზე უარს ეუბნება.
ამის შესახებ ინფორმაციასა და წერილს შსს-დან ნიკა გვარამია აქვეყნებს.
“წუხელ მეილით მამცნეს პასუხი ჩემს განცხადებაზე 26 მაისის აქციის თაობაზე. დაწვრილებით თუ გაინტერესებთ შეშინებული ქოცების ეს უკანონო აბსურდი, ქვემოთ ნახეთ. მოკლე შინაარსი ასეთია: არანაირი მოწყობილობები პარლამენტთან, არანაირი მოწყობილობები ქუჩის სავალ ნაწილზე, არანაირი მოწყობილობები ტრანსპორტის სავალ ნაწილზე სხვა ლოკაციებზე. ანუ, არაფერი და არსად არ შეიძლებაო. მიზეზი: სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილება”, – წერს გვარამია.
რაც შეეხება წერილს მერიიდან, მისი შინაარსი ასეთია:
თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 26 მაისს საპროტესტო აქციის გამართვას და მსვლელობას (ი.ჭავჭავაძის გამზირიდან პ.მელიქიშვილის და შ.რუსთაველის გამზირის გავლით და საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან დასრულებას, ასევე კონსტრუქციების, მათ შორის, სცენის მოწყობას), გაცნობებთ შემდეგს: 2026 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისში შეცვლილია სატრანსპორტო მოძრაობის სქემები, როგორც საზოგადოებრივი ასევე არასაზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის, რაც თავის მხრივ გულისხმობს სხვა ქუჩების დატვირთვას ტრანსპორტის მოძრაობის კუთხით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების (მათ შორის სცენის) მოწყობა დაუშვებლად მიგვაჩნია. რაც შეეხება წერილში მითითებულ სხვა ლოკაციებს, სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილების დამატებით შეფერხების თავიდან აცილების თვალსაზრისით, რაიმე სახის კონსტრუქციის (მათ შორის სცენის) მოწყობა ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია ტრანსპორტის სავალ ნაწილზე.
თქვენის მხრიდან სხვა ტერიტორიაზე მომართვის შემთხვევაში, საკითხს განვიხილავთ დამატებით.
პატივისცემით, გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია-მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)”, – ნათქვამია წერილში.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსის ინიციატივით თბილისში მასშტაბური აქცია იგეგმება.
