“მთელი ზამთარი არ მინახავს დედაჩემი, ვფიქრობდი, ამ წელს თუ გადაიტანდა, ძალით გადმოვიყვანდი აქეთ. არ მოდიოდა. არც ჩემთან მოდიოდა და არც ჩემს დასთან. სახლი არ დატოვა. მამაჩემმა როგორც უთხრა, შეუსრულა სიტყვა. არსად წახვიდეო და არსად წავიდა”, – გვეუბნება ვალია ვანიშვილის შვილი, ნანა ვანიშვილი.

ვალია ვანიშვილის შვილი, ნანა ვანიშვილი, საოკუპაციო ხაზთან ელოდება მის ნათესავებს. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი / ნეტგაზეთი

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვალია ვანიშვილისა და მისი ქმრის, დათა ვანიშვილის, სახლი საოკუპაციო ხაზსა და მავთულხლართებს მიღმა მოექცა, მიწის ნაკვეთის ნაწილი კი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. მიუხედავად ამისა, ცოლ-ქმარს კერა არ მიუტოვებია და სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ სახლში დარჩნენ.

გამაფრთხილებელი აბრა სოფელ ხურვალეთის საოკუპაციო ხაზთან. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი / ნეტგაზეთი

დათა ვანიშვილი, იგივე დათა პაპა, 2021 წლის 19 მარტს, 88 წლის ასაკში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში გარდაიცვალა. დათა პაპას გარდაცვალების შემდეგ ვალიამ 5 წელი მარტომ გაატარა, წყლისა და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე.

ვალია ვანიშვილი 17 მაისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. „ამის შესახებ რუსებმა შეგვატყობინეს და მე 18 ში ჩამოვედი”, — ამბობს დათო ცერცვაძე, ვალიას შვილიშვილი.

ვალია ვანიშვილისა და დათა პაპას შვილიშვილი, დათო ცერცვაძე, სამძიმარს გამყოფ ხაზთან იღებს. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი / ნეტგაზეთი

გასვენებაში ნათესავებსა და ოჯახის წევრებს გამყოფი ხაზის გადაკვეთის უფლება მისცეს. საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ხურვალეთში მავთულხლართზე გადებული ფიცრულის დახმარებით გადავიდა მისი ნათესავი, ჟუჟუნა ცერცვაძეც.

ვალია ვანიშვილის ნათესავ ჟუჟუნა ცერცვაძეს საოკუპაციო ხაზის გადალახვაში ერთი მხრიდან ქართველი, ხოლო მეორიდან რუსი სამხედრო ეხმარება. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი / ნეტგაზეთი

ოკუპირებულ ხურვალეთში ვალია ვანიშვილის გასვენებაში მისი მეზობლები მიდიან. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი / ნეტგაზეთი

დათო იხსენებს, რომ ვალია სიზმარში ნახულობდა დათა პაპას, ამბობდა, მასთან წასვლა მინდაო. ვალია ვანიშვილი სახლთან ახლოს, ოკუპირებული ხურვალეთის ერთ-ერთ ქედზე, მისი ქმრის გვერდით დაკრძალეს.

ვალია ვანიშვილის სახლიდან გამოსვენება. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი / ნეტგაზეთი

მძიმე პირობების გამო, საოკუპაციო ხაზთან ვალიასა და დათას შვილები მარტოები ვერ იცხოვრებენ, თუმცა სახლის სამუდამოდ მიტოვებას არ აპირებენ: „ჩემს სახლს სამუდამოდ არ მივატოვებ, აქ დაბადებულ-გაზრდილი ვარ, ბავშვობა აქ გამიტარებია და მაინც არ მივატოვებ ჩემს სახლს”, — ამბობს ვალიას შვილი, ნინო ვანიშვილი.

ვალია ვანიშვილის შვილი, ნანა ვანიშვილი, ნათესავ ჟუჟუნა ცერცვაძის სამძიმარს რუსი სამხედროს თანდასწრებით იღებს. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი / ნეტგაზეთი

სანამ არასრულწლოვანი იყო, დათო ხშირად იპარებოდა ბებოს და პაპას სანახავად, მაგრამ რაც გაიზარდა, ვეღარ ახერხებდა. ახლაც იმედი აქვს, დადგება დღე, როცა მავთულხლართების გადალახვის გარეშე შეეძლება ბებია-პაპის დანატოვარ სახლში დაბრუნება.

სულ ერთი მეტრი და მავთულხლართი აშორებს ჭირისუფალსა და სამძიმრის სათქმელად მისულს. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი

ვანიშვილების ოჯახი საოკუპაციო რეჟიმთან ბრძოლის სიმბოლოდაა ქცეული.

ნინო ვანიშვილი ქართველ და რუს სამხედროებთან ერთად. ფოტო ქეთევან ხუციშვილი / ნეტგაზეთი

ავტორი: ქეთევან ხუციშვილი