აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ირან-ამერიკის ომში ირანს დაეხმარა.

ამის შესახებ მან ჰადსონის ინსტიტუტს ღონისძიებაზე ისაუბრა,  რომელიც საქართველოში ირანის გაფართოებული გავლენის შესწავლას და იმის განხილვას მიეძღვნა, თუ რას ნიშნავს ეს რეგიონში აშშ-ის ინტერესებისთვის.

ჯო უილსონის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ასევე  ძირს უთხრის დონალდ ტრამპის შუამავლობით კავკასიაში მიღწეულ წარმატებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

„პუტინის მეგობარი ოლიგარქის, ივანიშვილის მიერ საქართველოს მაფიოზურად ხელში ჩაგდებას დამღუპველი შედეგები მოჰყვა ამერიკისთვის, ჩვენი სტრატეგიული ინტერესებისთვის და თავად მამაცი ქართველი ხალხისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ცნობილია კავკასიაში სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით.

მე ვსაუბრობ გაყალბებულ არჩევნებზე საქართველოში. ეს არ უნდა ხდებოდეს. თუ ამას მხედველობაში მივიღებთ, ამ არჩევნებმა საქართველო დააშორა ამერიკის პარტნიორობას – ამერიკის ძალზე სასიცოცხლო პარტნიორობას. ჩემმა ოთხმა ვაჟმა ქართველ ჯარისკაცებთან მხარდამხარ იმსახურა ახლო აღმოსავლეთში, ერაყსა და ავღანეთში. ქართველი ჯარისკაცების იმედი ყოველთვის შეიძლება გქონდეს. ისინი მამაცი და საოცარი მოკავშირეები იყვნენ. ისინი მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე უნდა იდგნენ.

ამის ფონზე, ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით ომის დამნაშავე პუტინის წინააღმდეგ ბრძოლას და ახლა ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას თეირანის ტერორისტული რეჟიმისადმი.

2026 წლის თებერვალში „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის [მოადგილე] დაესწრო ირანის საელჩოს ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა 1979 წლის ირანის რევოლუციის წლისთავს – რევოლუციისა, რომელმაც დაამხო მთავრობა და შეცვალა ის რეჟიმით, რომელიც 47 წელია ომშია დასავლურ ცივილიზაციასთან.  გარდა ამისა, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა.  რამდენად ამაზრზენია ეს? ასეთი პატივი მიაგო ტოტალიტარულ დიქტატურას.

ოპერაცია Epic Fury-ს დაწყებიდან მალევე,  ესეც დაუჯერებელია, „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენელმა გროტესკულად და დაუფარავად მოაწერა ხელი სამძიმრის წიგნს ირანის საელჩოში, რითაც გლოვობდა დიქტატორ ხამეინის და გმობდა ამერიკის დარტყმებს ირანზე. დარტყმებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ირანისთვის ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობის აღკვეთას. ხამეინის გლოვა იმავე წელს, როდესაც დიქტატორმა ხომეინიმ ირანის 50 000 მოქალაქე სიცოცხლეს გამოასალმა, უბრალოდ წარმოუდგენელია.

ეს ნათლად აჩვენებს „ქართული ოცნების“ მთავრობის ორიენტაციას. „ქართული ოცნება“ დაეხმარა ირანს მიმდინარე ომში იმით, რომ ნება დართო რუსეთის სტრატეგიულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს მისი საჰაერო სივრცის გავლით გადაფრენილიყვნენ ირანში, გადაეტანათ მარაგები ირანის რეჟიმის დასახმარებლად და პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევისთვის ძირის გამოსათხრელად, რომელიც ასე წარმატებით აერთიანებდა სხვა ქვეყნებს. ვინ წარმოიდგენდა სომხეთსა და აზერბაიჯანს – პრეზიდენტ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ოვალურ კაბინეტში, ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას. ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. თუმცა ის, რასაც ისინი [„ქართული ოცნება“] აკეთებენ, ძირს უთხრის კავკასიაში მიღწეულ წარმატებას.

„ქართული ოცნების“ კოშმარმა ასევე ხელი შეუწყო ირანული საქველმოქმედო ფონდების პოპულარიზაციას, რაც მიზნად ისახავს ირანული პოლიტიკური თეოლოგიისადმი ერთგულების გაღვივებასა და ირანის შიიტური თემის რადიკალიზაციას.

საქართველოს სახელმწიფო რელიგიურმა ინსტიტუტებმა უმასპინძლეს კიდეც ირანის რეჟიმის მაღალჩინოსან აიათოლებს, რომლებიც სკანდირებენ: „სიკვდილი ამერიკას“. „ქართულმა კოშმარმა“ ეკონომიკურად გააღრმავა კავშირები ირანთან, რამაც ქვეყნებს შორის რეკორდულ, 322 მილიონ დოლარიან სავაჭრო ბრუნვას მიაღწია და ირანი ნელ-ნელა სანქციების გვერდის ავლის ჰაბად აქცია“, – განაცხადა ჯო უილსონმა.

კონგრესმენმა ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტზე და განაცხადა, რომ პორტზე კონტროლს ჩინეთი იღებს.

„ეს ხდება იმის პარალელურად, როდესაც ჩინეთის კომუნისტური პარტია იღებს პასუხისმგებლობას და კონტროლს შავი ზღვის პორტზე, რასაც სხვა შედეგები მოჰყვება ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის – სადაც ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ თურქმენეთთან, უზბეკეთთან, ყაზახეთთან. პორტი, რომელზეც მათ კონტროლი დაამყარეს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იშვიათი მიწების ლითონებისა და სხვა ექსპორტისთვის, რომელიც ცენტრალური აზიიდან დასავლური ცივილიზაციისკენ შეიძლება მოდიოდეს. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ირანისა და რუსეთის ფედერაციის საზღვარზე ამ პროირანულ ქმედებებს კიდევ უფრო სახიფათოსა და აღმაშფოთებელს ხდის.

მე ნამდვილად მადლობელი ვარ, რომ წარმომადგენელთა პალატაში მიღებულ იქნა „მეგობარი აქტი“ რათა სანქციები დაუწესდეს საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობას. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ კენჭისყრის შედეგი შთამბეჭდავი იყო – 349 ხმა 42-ის წინააღმდეგ. დღეს კონგრესში ძალიან გაგვიჭირდება ისეთი კენჭისყრის პოვნა, სადაც კონგრესმენების 85% ერთ აზრზეა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების 85%-მა ხმა მისცა საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის სანქცირებას და მოითხოვა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.

გარდა ამისა, სულ ახლახან, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში, გასულ თვეში, ჩვენ მივიღეთ შესწორება, რომელიც კრძალავს საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის ნაწილს. ასე რომ, ამერიკელი ხალხი კვლავ დგას ქართველი ხალხის გვერდით, მხარს უჭერს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს.

ჩვენ გვსურს აღვადგინოთ ის ურთიერთობა, რომელიც შეერთებულ შტატებს ასე თბილი ჰქონდა ქართველ ხალხთან. თბილისში ჩემი ვიზიტებისას ყოველთვის აღფრთოვანებული ვრჩებოდი ხალხის ხილვით, იმის ნახვით, თუ რამდენად შთამბეჭდავი, დინამიკური და მამაცია ქართველი ხალხი. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ ამას მხარს“, – განაცხადა ჯო უილსონმა.