კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია “ფორმულა” 2500 ლარით დააჯარიმა.
მარეგულირებელი მას მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევას ედავება. კონკრეტულად, კომისიაში ირწმუნებიან, რომ მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების ტელევიზიის ჟურნალისტები და წამყვანები “პირადი დამოკიდებულების საფუძველზე” აშუქებდნენ.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით აკრძალულია ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. კანონით ასევე დადგენილია სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ბალანსის დაცვის ვალდებულება, რაც ემსახურება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მაყურებლის უფლებების დაცვას, რათა საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ობიექტური და მრავალმხრივი ინფორმაცია.
გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიმალური – 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა”, – წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
მარეგულირებლის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული ის ფორმულირებები, რის გამოც ტელევიზია დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად “ფორმულა” ავრცელებს.
“კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ მაგალითად, ფრაზების: „ოცნების სუსი“, „ივანიშვილის ხელისუფლება“, „პროსამთავრობო რუსთავი 2“, „რეჟიმის სასამართლო“ და სხვ გამოყენებით ახალი ამბების პროგრამაში საკითხი მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც კანონი დაარღვია”, – აცხადებენ ფორმულაში.
იმავე საფუძვლით კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულას” და TV პირველს დარღვევა დაუდგინა 2025 წლის ივლისშიც. თუმცა, მაშინ არ დაუჯარიმებია.
გასულ წელს, ტელეკომპანიებს ”ქართულმა ოცნებამ” უჩივლა.
