სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ერევანში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია არტურ ოსიპიანი, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ ძალადობის საჯარო მოწოდებებს ედავებიან.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების მონაცემებით, 2026 წლის 22 მარტს ოსიპიანმა Facebook-ის საკუთარი ანგარიშის მეშვეობით, პოლიტიკური შეხედულებებით მოტივირებული საჯარო ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომლებშიც, გამოძიების შეფასებით, პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების პირდაპირი მოწოდებები ისმოდა.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ოსიპიანმა ასევე 18 მაისს ერევნის არაბკირის რაიონში გამართულ პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წინასაარჩევნო კამპანიას ხელი შეუშალა.

გამოძიების ვერსიით, ის სოციალური ქსელში პოსტის გამოქვეყნების შემდეგ შეკრების ადგილზე მივიდა და საჯარო ხასიათისა და მოქალაქეების სიმრავლის გამოყენებით საარჩევნო კამპანიის ნორმალური მიმდინარეობა დაარღვია.

უწყების განცხადებით, ოსიპიანი იგინებოდა და უცენზურო გამონათქვამებს იყენებდა; არ ემორჩილებოდა მოწოდებებს წესრიგის დაცვის შესახებ და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ძალადობის საჯარო მოწოდების, ხულიგნობისა და წინასაარჩევნო აგიტაციისთვის ხელის შეშლის მუხლებით. უწყების ცნობით, არტურ ოსიპიანი დაკავებულია.