დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის, რაც ცხინვალის შესაბამისად, თავდაცვის სფეროში ინტეგრაციის გაღრმავებას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

„მოსკოვი ცხინვალთან სრულ ინტეგრაციას ეტაპობრივად ამზადებს“ – ვანო აბრამაშვილი

ცხინვალში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი ჩავიდა

ადგილორბრივი მედიის ცნობით, [დე ფაქტო – რედ.] სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი ჩავიდა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ვალერი ლაპინი ხელმძღვანელობს.

დე ფაქტო თავდაცვის უწყების განცხადებით, სამუშაო ვიზიტის მიზანია თავდაცვის სფეროში ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის სრულყოფა და სამხედრო უწყებების თანამშრომლობის გაძლიერება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია საკითხების ფართო სპექტრის განხილვა, რომლებიც სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო – რედ.] შეიარაღებული ფორმირებების ფუნქციონირების ძირითად მიმართულებებს ეხება.

გარდა ამისა, ოფიციალური ცნობითვე, “ყურადღება გამახვილდება სამხედრო კადრების მომზადების სისტემაზე, მათ შორის ადგილობრივ კადეტთა სკოლის თანამშრომლობაზე ჩრდილოეთ კავკასიის სუვოროვის სასწავლებელთან”.

დე ფაქტო უწყების განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს როგორც “ოპერატიული და საკადრო შესაძლებლობების გაძლიერებას, ისე ერთობლივი სამხედრო ტრადიციების შენარჩუნებას”.

რუსეთი სამხრეთ ოსეთის სამხედროების დაფინანსებას ზრდის

ადგილობრივი მედიის ცნობითვე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრმა იური იაროვიცკიმ ხელი მოაწერა პროტოკოლს, რომელიც “რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის არსებული შეთანხმების ცვლილებას” ითვალისწინებს.

საუბარია ადგილობრივი შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების ფულადი უზრუნველყოფისა და სოციალური გადასახადების ეტაპობრივ ზრდაზე, რომლის თანადაფინანსებაშიც რუსეთი მონაწილეობას მიიღებს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტი ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის „სისტემური თანამშრომლობის ახალ ეტაპს“ აფორმებს.

პრესსამსახურის განცხადებით, შეთანხმება მოიცავს როგორც ფინანსური მაჩვენებლების კორექტირებას, ისე სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურების სისტემის თანამედროვე პირობებთან ადაპტაციას.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ რუსული მხარე “სამხრეთ ოსეთს სამხედრო მომზადების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციის მიმართულებითაც ეხმარება”.

დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯები გრძელვადიან და სტრატეგიულ ხასიათს ატარებს.