თბილისსა და ბაქოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა, ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში უნდა აღდგენილიყო ოფიციალური შეთანხმებით. აზერბაიჯანს კოვიდპანდემიის გავრცელების საბაბით სახმელეთო საზღვრები 2020 წლის შემდეგ ჩაკეეტილი აქვს.

დღეს გავცელებული ცნობითვე, ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა, სადაც ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.

“ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს გლობალურ და რეგიონულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და მათ როლს დაკავშირებადობის გაძლიერებაში”, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოფიციალური ინფორმაციითვე, შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც მოიცავს: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას; აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.

ასევე, როგორც ცნობილი ხდება გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა – “მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება”.

დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას ირაკლი კობახიძე და ილჰამ ალიევი დაესწრნენ.