ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე, სადაც 46 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა, 36 ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოხატეს მზადყოფნა, შეუერთდნენ ახალ გაფართოებულ შეთანხმებას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის დაფუძნებას ითვალისწინებს. საქართველო მათ შორის არაა.
„ამ სახელმწიფოებმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს სპეციალური ტრიბუნალის რეალურად შექმნისა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე პასუხისმგებლობის აღიარებისკენ. სპეციალური ტრიბუნალი სამართლიანობისა და იმედის სიმბოლოა. ახლა საჭიროა მოქმედება, რათა ამ პოლიტიკურ ვალდებულებას მოჰყვეს ტრიბუნალის ფუნქციონირებისა და დაფინანსების უზრუნველყოფა. სწრაფად ახლოვდება დრო, როდესაც რუსეთს პასუხი მოეთხოვება თავისი აგრესიისთვის. ჩვენ წინაშე არსებული გზა სამართლიანობის გზაა — და სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს“, — განაცხადა შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ.
გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სახელმწიფოებს, რაც შეიძლება მალე დაასრულონ ყველა საჭირო ეროვნული პროცედურა სპეციალურ ტრიბუნალში გასაწევრიანებლად.
ტრიბუნალი გამოიძიებს, სისხლის სამართლებრივ დევნას განახორციელებს და გაასამართლებს მათ, ვინც პირველ რიგშია პასუხისმგებელი უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიის დანაშაულზე. მისი მიზანია შეავსოს ხარვეზი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქციაში და პასუხისგებაში მისცეს ამ დანაშაულში ჩართული მაღალჩინოსნები.
„ევროპისა და მსოფლიოს მორალური საფუძველი მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაული დაისჯება. ეს არ არის წარსულის საკითხი. ეს მომავლის საკითხია — სიმართლის, სამართლიანობისა და ნდობის საერთო სივრცის აღდგენის საკითხი“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ.
„მინისტრთა კომიტეტმა ნათლად განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. კომიტეტი მტკიცედ აგრძელებს მუშაობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისთვის პასუხისმგებლობის ყოვლისმომცველი არქიტექტურის შექმნაზე. სპეციალური ტრიბუნალისთვის რაც შეიძლება ფართო ლეგიტიმაციის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდნენ“, — განაცხადა მიჰაი პოპშოიმ, მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის ქვეყანაც ამჟამად თავმჯდომარეობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს.
„უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ საშინელ დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირებს პასუხი უნდა მოეკითხოთ. ეს ერთ დღეში არ მოხდება, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის იმაში, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. ამას ვაკეთებთ ჰააგაში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის საწყისი ფაზის მასპინძლობით“, — განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომ ბერენდსენმა.
მინისტრები ასევე მიესალმნენ სახელმწიფოების მხრიდან გამოხატულ ფართო მხარდაჭერას იმ კონვენციის მიმართ, რომელიც უკრაინისთვის ზარალის ანაზღაურების საერთაშორისო კომისიას აფუძნებს და მოუწოდეს სხვა ქვეყნებსაც შეერთებისკენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას კომპენსაციის მექანიზმის სწრაფი შექმნა.
ზარალის ანაზღაურების საერთაშორისო კომისია არის რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებული კომპენსაციის ყოვლისმომცველი მექანიზმის მეორე ნაწილი, რომელიც დაეფუძნება უკრაინისთვის მიყენებული ზარალის რეგისტრაციას. დღეისათვის მას 44 სახელმწიფო და ევროკავშირი შეუერთდა და უკვე მიღებული აქვს 150,000-ზე მეტი განაცხადი.
გაფართოებული შეთანხმება მიღებულ იქნა მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციით. ევროპის საბჭოს ოცდათოთხმეტმა წევრმა სახელმწიფომ (ანდორა, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვის რესპუბლიკა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო), ასევე ევროკავშირმა, ავსტრალიამ და კოსტა-რიკამ გამოხატეს შეთანხმებაში მონაწილეობის სურვილი.
საქართველომ ტრიბუნალის შექმნას მხარი არ დაუჭირა.
„საქართველოს მიმართ ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება, ჩვენ არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას და ფუფუნებას, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნიან ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, დააყენოს საქართველო გაზრდილი რისკების ან გამოწვევების წინაშე“, — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
